aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრომ ომბუდსმენის 2016 წლის რეკომენდაციებიდან ვერცერთი შეასრულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში 6 თებერვალს წარადგინა. ანგარიშში საუბარი იყო საჯარო უწყებების მიმართ გაგზავნილ რეკომენდაცია-წინადადებებზე. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა ხასიათის რეკომენდაციები გაიგზავნა ალექსანდრე ჯეჯელავას უწყებაში და როგორი მსვლელობა მიიღო აღნიშნულმა საკითხებმა. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2016 წლის რეკომენდაციების შესრულება არ ფიქსირდება.

საქართველოს სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გასულ წელს 5 რეკომენდაცია-წინადადებით მიმართა. მათ შორის, როგორც EDU.ARIS.GE-ს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ განუცხადა, ომბუდსმენის აპარატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსადმი ჰქონდა ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა წინადადება, რომლებიც შეეხებოდა არასრულწლოვანი გოგონას ადრეული ქორწინების შემთხვევაში განათლების სამინისტროს მიერ რეფერირების პროცედურის დარღვევით განხორციელებას.

 

სხილაძის თქმით, უმბუდსმენმა განათლების სამინისტროს მიმართა ასევე ზოგადი წინადადებით, რათა დაეჩქარებინა ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. მეოთხე რეკომენდაცია ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოს შეეხებოდა, საიდანაც ამოღებული უნდა ყოფილიყო წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და ტერმინები, როგორიცაა ”ნარკომანი”. მეხუთე რეკომენდაცია კი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ეხებოდა.

 

თუმცა, გარდა ამ რეკომენდაციებისა სახალხო დამცველს ჰქონდა განცხადებაც, სადაც ის სკოლებში წყლის საგანგაშო მდგომარეობის გამო, აკეთებს მიმართვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ  მოწესრიგებას.

 

როგორც ირკვევა, განათლების სამინისტროსგან ყველა ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მზაობა და დაპირება არსებობს.

 

სხილაძე ამბობს, რომ აღნიშნული რეკომენდაციების პასუხად განათლების სამინისტროსგან მიიღეს საკითხის უმოკლეს დროში და მომავალში გადაწყვეტის დაპირება. რის საფუძველზეც ომბუდსმენის აპარატი რეკომენდაციებს ნაწილობრივ შესრულებულად თვლის.

 

„ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავადგინეთ, რომ რიგ შემთხვევებში სკოლა არ ატყობინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს, რაც პროცედურული წესის დარღვევაა და რაც სამი მინისტრის  ბრძანებით  რეფერირების დოკუმენტით არის განსაზღვრული. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა წლების განმავლობაში არასრულწლოვანი გოგონა განათლებას არ იღებდა და ამას ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია.  სწორედ ეს იყო ჩვენი რეკომენდაციების მთავარი საგანი. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს გაუჭირდებოდა დამდგარი შედეგის აღმოფხვრა, თუმცა დაგვპირდნენ რომ მომავალ შემთხვევებში აუცილებლად გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და პრევენციას მოახდენდნენ, რათა ადრეულ ასაკში ქორწინებების რიცხვს ეკლო და ასეთი ფაქტის დაფქსირების შემთხვევაში შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის შეეტყობინებინათ”, – გვითხრა ეკატერინე სხილაძემ.

 

მისივე თქმით, ხშირად პრობლემაა ის, რომ ბავშვთან მომუშავე პროფესიონალებიც კი ვერ ხედავენ ადრეულ ასაკშიც ქორწინების დაუშვებლობას და ვერ ხედავ იმას, რომ ეს კანონსაწინააღმდეგოცაა.

 

„სამწუხაროდ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში დამკვიდრებულ  პრაქტიკას წარმოადგენს და ეს არ არის მხოლოდ  ეთნიკური უმცირესობებისთვის დამახასიათებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის მთავარი გამომწვევი არის გენდერული უთანასწორობა და საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები ქალის როლთან დაკავშირებით, როდესაც საზოგადოება პრობლემად ვერ აღიქვამს ბავშვის ადრეულ ასაკში ქორწინებას. პრობლემას ვაწყდებით საზოგადოების ცნობიერებაში. ხშირად ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებიც კი შესაძლოა სტერეოტიპულად უყურებენ ამ საკითხს. ბავშვები ყველაზე მეტ დროს ატარებენ სკოლაში და ბავშვებში  ამ პრობლემის შესახებ პრევენციის გასატარებლად ყველაზე დიდი როლი მიუძღვით პედაგოგებს”, – ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია რომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება ან პირის ქორწინების იძულება, კანონსაწინააღმდეგო ხასიათისაა და მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მასწავლებელსა და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებს უტარდებოდეს ტრენინგები.

რა პასუხი აქვთ განათლების სამინისტროში?

 

თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეკომენდაციების ვერშესრულებაზე პირდაპირ არ საუბრობს, თუმცა ზოგიერთ მათგანზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს. მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხის პრევენციისთვის მთავარი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

”სამწუხაროდ, საზოგადოებაში ტრადიციებიდან და ისტორიიდან  გამომდინარე, რაღაც საკითხების მიმართ დამოკიდებულება იმაზე მომთმენია, ვიდრე ეს უნდა იყოს. მათ შორის არის ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხიც. ქორწინება უეცარი ხშირ შემთხვევაში არ არის. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, რომ კარგი დირექტორი მანდატურების დახმარებით და ა.შ, დროულად ჩაერივნენ საკითხში და გადააფიქრებინეს არასრულწლოვანს. იმერეთში რაც მოხდა გაუმართლებელია. მანდ მანდატურზე ცუდი იცით რა არის? რომ თქვეს – ყველა ბედნიერია. აი, ესაა ტრაგედიის ტრაგედია. სანამ ასეთ რაღაცაზე საზოგადოება იტყვის, რომ ”რა კარგია ოჯახი შეიქმნა”, ”გაბედნიერდა”  იქამდე  იქნება ეს მოსაგვარებელი. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში ჩვეულებრივი ამბავია, რომ 13 წლის ბავშვს დაადგმას ოჯახი თვალს და იტყვის რომ ეს უნდა გათხოვდეს, ძალიან მძიმე თემაა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ოჯახებსა და ბავშვებთან რეფერირების საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩავრთოთ სპეციალსიტები დროულად, სანამ ნეგატიური მოხდება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად.

მინისტრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს დირექტორების, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების დატრენინგება, რადგან ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხმა საზოგადოებაში საამაყოდან, სამარცხვინოსა და საგანგაშოს კატეგორიაში გადაინაცვლოს.

”ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ საზოგადოება რაღაცას მიესალმება, ეს ალბათ ისევ მოხდება. სანამ ნადირობა და თევზაობა „კაი ტიპობა“ იქნება, გარემოს დაცვა არ იქნება,” – აღნიშნა ჯეჯელავამ.

წყარო: edu.aris.ge

იტვირთბა....