aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გარანტირებული გამარჯვება: „თავად მაღლაფერიძეს შესაძლოა, დირექტორობა არც კი სურდა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ მაღლაფერიძე ხელისუფლების კადრია

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვასილ მაღლაფერიძე უხელმძღვანელებს, მედია ექსპერტების მხრიდან მკვეთრი შეფასებები კეთდება. მათი აზრით, ხელისუფლებამ „საზმაუს“ ხელმძღვანელად პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა დანიშნა, რაც იმას ნიშანვს რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, პარტიული ტელევიზია გახდება. 8 წევრიანი სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ მხარი მაღლაფერიძეს დაუჭირა.

მეორე ტურში მან ბრძოლა თინათინ ბერძენიშვილთან ერთად გააგრძელა. საბოლოო კენჭისყრის შედეგად 6 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო 2 ხმა თინა ბერძენიშვილმა მიიღო. პირველ ტურში მათ გარდა ასევე მონაწილეობდნენ ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას“ წარმოადგენს და ინგლისურენოვან გაზეთ FINANCIAL-ის მთავარი რედაქტორი ზვიად ფოჩხუა „მეტრონომთან“ საუბარში  ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად დანიშვნის მოლოდინი არსებობდა. ფოჩხუას თქმით, მაღლაფერიძე ხელისუფლების კადრია, რომლის მხარდაჭერა სამეურვეო საბჭოს პირდაპირ, მთავრობისგან დაევალა. ასოციაციის პრეზიდენტის აზრით, თავად მაღლაფერიძეს შესაძლოა, დირექტორობა არც კი სურდა.

„ვასილ მაღლაფერიძის „საზმაუს“ დირექტორად დანიშვნა, პირდაპირ ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ნიშნავს. გამოდის, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ღიად გაკონტროლებასაც აღარ ერიდება. მაღლაფერიძის პროგრამას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბორდის წევრებს პირდაპირ მთავრობისგან ჰქონდა დავალებული, რომ ის ყველა მიზეზგარეშე ტელევიზიის დირექტორი უნდა გამხდარიყო. შესაბამისად ჩვენ მივიღებთ პარტიული კუთვნილების საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც უბრალოდ ხელისუფლებისთვის სასურველ საინფორმაციო პოლიტიკას განახორციელებს“ -ამბობს ფოჩხუა.

მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე  „მეტრონომთან“  საუბარში აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის სახით, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია. რის შედეგადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც  დამოუკიდებელი ინსტიტუცია კიდევ დიდი ხანი ვერ განვითარდება. ქორიძის თქმით, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბორდს ეს არანაირ უხერხულობას არ უქმნის.

„დღეს  საზოგადოება სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ „საზმაუს“ ხელმძღვანელად, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი გვეყოლება, რომელიც ხელისუფლების ინტერესების შესაბამის პოლიტიკას გაატარებს.  აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს თავისი სამეურვეო საბჭოს პირით აცხადებს, რომ ჩვენ პოლიტიკური მიკერძოებულობა არ გვაინტერესებს, ჩვენ არ გვაინტერესებს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დღეს საბჭომ ღიად თქვა – ჩვენ ეს არ გვაინტერსებს, ჩვენ დიახაც გვაინტერესებს ადამიანი, რომელმაც გუშინ დაადასტურა გასაუბრების დროს, რომ მას აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს მას ხელს არ უშლის თავის მედიასაქმიანობაში. ეს არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

თუმცა, მედია ექსპერტ ია ანთაძის დამოკიდებულება ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევის შესახებ, სრულიად სხვაგვარია. „მეტრონომთან“ საუბრისას ანთაძე ფიქრობს, რომ მისი  არჩევა,  კომპეტენციის და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით მოხდა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მაღლაფერიძის პოლიტრიკური შეხედულების მიუხედავად, ის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელი იქნება, რადგანაც  „ჯიდიესზე“  და „მე-9“ არხზე მუშაობსი პერიოდშიც, ყველა გადაწყვეტილებას  დამოუკიდებლად იღებდა.

„კონკურსი თავის მხრივ ძალაინ საინტერესოდ და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა ის კანდიდატი, რომლიც მეორე ტურში გავიდა, გამარჯვებას იმსახურებდა.  ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მათ შორის კი საუკეთესო ვასილ მაღლაფერიძე იყო. როგორც ჩანს, საბჭოს მის მიერ წარმოდენილი პროგრამა უფრო მოეწონა. პრინციპში არც ის გამიკვირდებოდა, რომ მის მაგივრად რომლიმე სხვა კანდიდატურა გასულიყო.

რაც არ უნდა ისუბრონ და რა კომენტარებიც არ უნდა გაკეთდეს, ყველამ კარგად იცის, რომ მოგება არცერთ კანდიდატს გარანტირებული არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმოდგენილ პროგრამას ზედმიწევნით კარგად შეასრულებს. ხოლო დანარჩენს დრო გვიჩვენებს და შეფასებები, მის მიერ გაკეთბული საქმიდან გამომდინარე გავაკეთოთ“ – ამბობს „ მეტრონომთან“ საუბრისას ანთაძე.

 

ლიკა ბერიკაშვილი

იტვირთბა....