aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სჭირდება თუ არა სასჯელაღსრულების სამინისტროს 88 მრჩეველი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულების სამინისტროს 88 მრჩეველი ჰყავს. საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მრჩევლის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია, შესაბამისად, მხოლოდ მრჩევლებისთვის თვეში 105 600 ლარი იხარჯება.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ სამინისტროში დასაქმებულია 42 კონსულტანტი, რომელთა ხელფასი 1 120 ლარია.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის განკარგულება 18 ნოემბერსაა გამოცემული.

განკარგულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიეცა თანხმობა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს თანდართული დანართების მიხედვით.

აღნიშნული განკარგულება ძალაში შევა 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

12fd

აღნიშნული სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ წინა განკარგულების მიხედვით, „მრჩევლის“ საშტატო ერთეულის რაოდენობა 89 იყო. ხოლო „მინისტრის მრჩევლის“ – 2.

„მინისტრის მრჩეველს“, განსხვავებით „მრჩევლისგან“, ხელფასი 2 070 ლარი აქვს.

“მეტრონომს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განუცხადეს, რომ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული სტატიის სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ჰყავს 88 მრჩეველი, სიმართლე არ არის.

“სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩეველი არის სამინისტროს რიგითი თანამშრომელი, რომელიც ასრულებს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს. სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის  მრჩეველი ისეთივე პოზიციაა, როგორიც არის – სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, კონსულტანტი, ინსპექტორი, გუშაგი და ა.შ და ის არანაირად არ უკავშირდება და არ უთანაბრდება მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. საშტატო ნუსხით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისთვის გათვალისწინებულია მრჩევლის მხოლოდ ორი პოზიცია. მოცემულ ეტაპზე, მინისტრს ჰყავს ერთი მრჩეველი.

ზემოაღნიშნული სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლები დასაქმებულნი და გადანაწილებულნი არიან სამინისტროს 14 სტრუქტურულ ერთეულში – დეპარტამენტებსა და სამსახურებში. მათი საქმიანობის სპეციფიკა კონკრეტული დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიხედვით განისაზღვრება. სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლის მოვალეობაა უზრუნველყოს დეპარტამენტის/სამსახურის გამართული ფუნქციონირება და დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2009 წელს შეიქმნა და სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლის შტატი უწყების შექმნის დღიდან არსებობს. მსგავსი პოზიცია გათვალისწინებულია თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, მათ შორის კატეგორიებისა და საფეხურების მიხედვით.

რაც შეეხება სტატიაში ნახსენებ კონსულტანტის თანამდებობას, სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული თანამშრომლები დასაქმებულნი არიან პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ საზოგადოებრივ მისაღებში, რომელთა მთავარი ფუნქციაა საზოგადოებრივ მისაღებში მისული მოქალაქეების (რომელთა უმეტესობას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლები და ადვოკატები წარმოადგენენ) კონსულტაცია და პენიტენციური სისტემაში მოქმედი სერვისების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. მათი სამუშაო აღწერილობა არ უკავშირდება მინისტრისთვის რაიმე სახის კონსულტაციის გაწევას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით მუდმივად უზრუნველყოფს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ასევე, ინდივიდუალური განცხადებებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერსებული პირისთვის. სამინისტრო პროაქტიულად აქვეყნებს საჯარო ინფორმაციას, რომელთა შორისაა საკადრო უზრუნველყოფა და  დასაქმებულთა რაოდენობა კატეგორიების მიხედვით. მიგვაჩნია, რომ ზედაპირული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა,  ჩრდილს აყენებს აღნიშნული პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების რეპუტაციას, რომლებიც სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ”. – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: “ლიბერალი”

იტვირთბა....