aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ტაბულას განრისხებულმა ხელმძღვანელმა საიტის პირველი გვერდიდან ჩემი სტატია ააღებინა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვინ არის „ნაცმოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი

„ადრე ამ წერილს „ტაბულაში“ გამოვაქვეყნებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი განსხვავებული აზრით განრისხებულმა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა ვებ-საიტის პირველი გვერდიდან ჩემი სტატია ააღებინა“,- ამის შესახებ იურისტი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ის, რაც მოხდა 8 ოქტომბრის შემდეგ:

8 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილის მხრიდან იქნა მრავალნაირი მეთოდით გაყალბებული. მან ამისთვის გამოიყენა მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, კრიმინალური სამყარო, ადმინისტრაციული რესურსი, „სუს“-ი და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ხოლო იმ კონკრეტულ უბნებზე, სადაც დანამდვილებით იცოდა, რომ აგებდა, მოხდა უცერემონიო დარბევა.

ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი, გაყალბების მასშტაბი 3-5% იყო. ანუ ნაცვლად 48/27-სა, სურათი დაჯდებოდა 43/32-ზე, რაც ძალიან ახლოსაა „რუსთავი 2“-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტ-პოლის შედეგთან. იგივე მასშტაბის გაყალბების გამო წაგვართვეს პირველ ტურში მოგებული მაჟორიტარული მანდატებიც მარნეულში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ეს უკვე არსებითად განსხვავებულ სურათს ქმნიდა თუნდაც მეორე ტურების წინ.

მიუხედავად ამისა, არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არჩევნები „მაინც“ წავაგეთ, რომ მეორე ტურები აუცილებელია და რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ.

ეს ყველაფერი გასაგები და მისაღები იქნებოდა, რომ არ დარღვეულიყო მოვლენათა რიგითობა – ჯერ ბრძოლა, დარღვევების გამოვლენა და გასაჩივრება, ხმების აქტიური დაცვა (საოლქო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სასამართლოში, სამოქალაქო პროტესტისა და საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე)  და არა ჯერ შედეგთან შეგუება, გადაწყვეტილების დაანონსება და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.

მეორე ტური

მეორე ტურში დადგა ზუსტად ის შედეგი, რაც მოსალოდნელი იყო. მხარდამჭერების ყველაზე დიდი ფრუსტრაცია გამოიწვია სწორედ იმან, რომ გვარწმუნებდნენ, თითქოს მეორე ტურში ივანიშვილისთვის თუნდაც ერთი მანდატის გამოგლეჯა იყო შესაძლებელი. მცდარი და გაზვიადებული მოლოდინის შექმნას ყოველთვის მოსდევს ბუნებრივი  უკურეაქცია. და ამ უკურექციის წყარო გარეთ არ უნდა ვეძებოთ.

ვინ არის პასუხისმგებელი

ამ ყველაფრის მერე, ნაცვლად იმისა, რომ პარტიის დე ფაქტო ხელმძღვანელობას საკუთარი პასუხისმგებლობა გაეაზრებინა იმ არჩევნებზე, რომლებზეც მათ პასუხისმგებლობა აიღო, დაიწყო ყურით მოთრეული მიზეზების გარეთ ძებნა. არჩევნების მერე პირველად შეკრებილმა პოლიტსაბჭომ მიიღო უპრეცედენტო განცხადება, რომელიც აღქმულ იქნა, როგორც თავდასხმა მხარდამჭერებზე და ამომრჩეველზე. ნაცვლად იმისა, რომ მოხდარიყო მომხრეებთან კიდევ უფრო აქტიური კონტაქტი, მათი მობილიზება, გამხნევება და მოტივირება, პოლიტსაბჭომ შექმნა მორიგი 5-კაციანი კომისია სრულიად ბუნდოვანი მანდატით.

კომისიები

შევარდნაძის დროს ბევრი ანტიკორუფციული კომისია შეიქმნა – ერთმანეთზე უფრო კეთილშობილური მიზნებითა და მოტივებით – მაგრამ კორუფციას ვერა და ვერ ეშველა. ვერც ეშველებოდა. ივანიშვილის რეჟიმიც იმითაა კომიკური, რომ საკუთარი მიზეზით წარმოქმნილი პრობლემების მოხსნის ნაცვლად, კომისიას კომისიაზე ქმნიან. ამასობაში კი პრობლემები ღრმავდება.

კომისიას ქმნი მაშინ, როცა შედეგი არ გაინტერესებს. ან როცა შედეგი წინასწარ იცი. კომისიებით საქმე არ კეთდება. კომისიებით საქმე იფარცხება.

დღეს მოქმედი 5-კაციანი კომისია მორიგი კულუარულად კონტროლირებადი ფორმატია. არადა, პარტიაში პრობლემა სწორედ კულუარული მმართველობაა. რამდენად ადეკვატურები ვართ, როცა ამ პირობებში ასეთ კომისიას ვქმნით? თანაც, კომისიის დაკომპლექტებისას ის ელემენტარული წესი ხომ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია, კომისიის წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი?

რამდენადაც ვიცი, ეს არ მომხდარა.

პარლამენტში შესვლა

დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს თემა ხელოვნურად არის წამოწეული. ამიტომ, ნუ დაიხარჯებით ამაზე სასაუბროდ.

როგორი პარტია გვინდა

პარტია კერძო კლუბი არაა, რომ იქ ყველა უპირობოდ მოგვწონდეს. იქ ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ მოგვწონს, რომლებსაც არ ვეთანხმებით, რომლებსაც სხვა იდეები აქვთ, ან ამ იდეების სხვა ფორმით გამოხატვას ანიჭებენ უპირატესობას.

დღეს წყდება:

–        ვაცნობიერებთ თუ არა ამ 4 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებს;

–        ვიღებთ თუ არა შეცდომებზე ჩვენ წილ პასუხისმგებლობას;

–        ვაღიარებთ, რომ პარტიაში არის დემოკრატიული პროცესის მწვავე დეფიციტი, თუ გავაგრძელებთ თავის მოკატუნებას;

–        რეალური დემოკრატია გვექნება პარტიაში თუ კულუარული დემოკრატია;

–        ვაგრძელებთ ნაციონალური მოძრაობის ერთი კაბინეტიდან მართვას, თუ ვიქცევით საერთო-სახალხო პარტიად, რომელიც იქნება მისი ყველა მხარდამჭერის – და არა მხოლოდ ძალიან ვიწრო სეგმენტის – ხედვებისა და მისწრაფებების ამსახველი.

აქედან გამომდინარე, დღეს წყდება, შევძლებთ თუ არა ივანიშვილის დამარცხებას.

თუ ჩვენ გავხდებით სახალხო მოძრაობა, ეს გარდაუვალია. ხოლო თუ გადავიქცევით სნობურ კლუბად, ეს გამორიცხული იქნება.

 

არაფორმალური მმართველობის შესახებ

ოთახში სპილოა და მას არ ვიმჩნევთ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ტაბუირებული თემები აღარ უნდა არსებობდესო, მოგვიწოდეს. დავეთანხმოთ. დროა, ითქვას, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად ჰყავს არაფორმალური მმართველი, ოღონდ ეს არაფორმალური მმართველი არ არის მიხეილ სააკაშვილი.

დღეს ჩვენ გვთავაზობენ, მოვიწვიოთ ყრილობა და არაფორმალური მმართველობა დავაკნონოთ – არა ბუნებრივი ლიდერის არჩევით, არა რეალური მმართველის არჩეულ ლიდერად გადაქცევით, არამედ (ყველასადმი დიდი პატივისცემით მიუხედავად) მორიგი ისეთი ფიგურის დანიშვნით, რომელიც მისაღები და კომფორტული იქნება არაფორმალური მმართველისა და მისი ვიწრო ჯგუფისთვის საკუთარი დღის წესრიგის განსახორციელებლად.

რა არის ლიდერი

ლიდერი ისაა, ვინც შთააგონებს ადამიანებს და ვინც აღავსებს მათ ბრძოლის ჟინით. და არა ის, ვინც ადამიანებში ყველაზე ნაკლებ ემოციას და აგრესიას იწვევს ამა თუ იმ მომენტში. სახელებს ნუ გამოვეკიდებით. უბრალოდ, ცოტა უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ ამ თემას, როცა ამა თუ იმ პოლიტიკოსის რეიტინგზე ვსაუბრობთ. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ უმაღლესი რეინტინგის მქონე უსუფაშვილის პარტიამ 1,5% ძლივს აიღო არჩევნებზე.

ვინ არის ლიდერი

ვინ არის დღეს „ნაცმოძრაობის ლიდერი“ ადგილზე? პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე? აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი? ეგებ ვინმე სხვა? ვისურვებდი, რომ პარტიის დე ფაქტო ლიდერი კულისებიდან გამოვიდეს და იყაროს კენჭი. მოიგებს? გზა დავულოცოთ. მაგრამ კმარა ნომინირებული ფიგურების ხელით, ინტრიგებით, დაძაბულობით, ბულინგითა და ქედმაღლობით მართვა, რაც მთლიანად პარტიის მომავალი დამარცხებების გარანტირებული რეცეპტია.

„სპლიტი“

არჩევნების მეორე დღესვე რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან დაიწყო საუბრები „სპლიტზე“, ანუ პარტიის გაყოფაზე. საოცარი დამთხვევა იყო. რის მიხედვით უნდა გავიყოთ? ან რა ხეირს მოიტანს გაყოფა? ხომ არ დაგვავიწყდა, მტერი ვინაა? და როგორ შევძლებთ მის უკეთ დამარცხებას? პარტიის გაყოფაზე ლაპარაკი უადგილოა და ყველას დააზიანებს. ზოგს ცოტათი, ზოგსაც – ძალიან. თუ ვინმეს უნდა, რესპუბლიკელების მიერ გამოთავისუფლებული 1,5%-იანი პოლიტიკური ნიშა შეავსოს, კეთილი, მაგრამ საქმეს რა ხეირი ამით?

ვინაა მტყუანი – პოლიტიკოსი თუ ამომრჩეველი?

ბიზნესში არის ასეთი წესი – მომხმარებელი ყოველთვის მართალია. პოლიტიკაშიც ასეა. ამომრჩეველი ყოველთვის მართალია. მაშინაც კი, თუ ის (ვიღაცის აზრით) მტყუანია. თუ ამომრჩეველს რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტია, რომელსაც ის მხარს უჭერს, მას არ უსმენს, ეს პარტიის პრობლემაა და არა ამომრჩევლის.

ეგებ შევრიგდეთ?

გასაყოფი არც არაფერი გვაქვს. უბრალოდ, ახლა უმოქმედობა ნიშნავს, რომ დეკემბრის ბოლოს პარტიის უზურპაცია დასრულდება და მერე არათუ 500 000 ხმის გაზრდაზე ვერ იქნება საუბარი, არამედ, ჩემი ღრმა რწმენით, ბარიერის გადალახვაც სანატრელი გაგვიხდება.

ვისი ბრძოლაა ეს

ის არაჯანსაღი გარემო, რომელიც დღეს პარტიაშია, გამომდინარეობს მართვის არადემოკრატიული ფორმიდან და „1-2 ახირებული პერსონაჟის“ მხრიდან პარტიის უზურპაციის სურვილიდან. ჩვენ უნდა დავასრულოთ მართვის თვითდესქტრუქციული, გამყოფი სტილი და გადავიქცეთ მიზიდულობის რეალურ ცენტრად.

ამასთან, მინდა ჩემი პატივისცემა და მეგობრული სიყვარული დავუდასტურო ჩემს ყველა თანამებრძოლს, რომლებიც დღეს სხვა აზრზე არიან. ის, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ – თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან – საკითხზე, განსხვავებული აზრი გვაქვს, სრულიად ნორმალური და ჯანსაღია. ეს არაა პრობლემა. მაგრამ მინდა ვთხოვო ამ ადამიანებს:  ნურავის მისცემთ საშუალებას ისეთი მოცემულობა შეგიქმნათ, რომ მათი ბრძოლა თქვენი ბრძოლა გახდეს.

ეს არაა თქვენი ბრძოლა! მით უფრო, ეს არაა ბრძოლა პარტიის ორ ფლანგს შორის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ.

ეს ბრძოლა იმისაა, ვინც განიზრახა კულუარულ დიქტატს შიდაპარტიული დემოკრატია დაარქვას და მომავალ ყრილობაზე არაფორმალური მმართველობა დააკანონოს, ვინც გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლაა ამისთვის საუკეთესო დრო. დიახ, ეს რამდენიმე „ახირებული პერსონაჟის“ ბრძოლაა სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც – მორალურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ – სრულიად უგუნური საქციელია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა ელექტორალურ, მორალურ ან ადამიანურ ხეირს ნახავთ ამისგან? რა ხეირს ნახავს პარტია? წაგვწევს თუ არა წინ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ დროს სახალხო პარტიის სნობურ კლუბად გადააქცევა?

კითხვები, მგონი, რიტორიკულია.

რატომ აქ?

ადრე ამ წერილს „ტაბულაში“ გამოვაქვეყნებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი განსხვავებული აზრით განრისხებულმა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა საჯაროდ მირჩია, სტატიები „მარშალპრესში“ წამეღო და, პარალელურად, „ტაბულას“ ვებსაიტის პირველი გვერდიდან ჩემი სტატია ააღებინა. მიამიტი ან არაინფორმირებულია ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ტიპის ქმედებას კავშირი არა აქვს პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, ან რომ პარტიის დე ფაქტო ლიდერს სწორედ ასე არ ესმის „შიდაპარტიული დემოკრატია“.- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

P.S. მოგვიანებით, “ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიბილაშვილი “სასაცილო და საკუთარი მნიშვნელობის არაადეკვატურ ტყუილს ამბობს”.

იტვირთბა....