aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რატომ შეუმცირდა ქულები საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

aviabiletebi
ავიაბილეთები

14 ნოემბერს მსოფლიოში ინტერნეტ-თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ 100-დან 25 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც “თავისუფალი” ქვეყანა. ამის მიუხედავად, 2015 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა ერთით შემცირდა.

ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად სცნო სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი ტექნიკური ხელმისაწვდომობა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე (metadata).

სხვა მნიშვნელოვან ტენდენციებთან ერთად, ანგარიში მიმოიხილავს საერთაშორისო პლატფორმების, WordPress-ისა და Youtube-ის დაბლოკვის შემთხვევებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ამ წლის შედეგებზე.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხსენიებულია ინტერნეტ მომხმარებლის, სულხან წულაძის დაკავების ფაქტი ფორუმზე მის მიერ დადებული პოსტის გამო, რომელშიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე გამოგონილი თავდასხმა იყო აღწერილი. ადამიანის უფლებათა ადგილობრივი დამცველების მტკიცებით, დაკავება დაუსაბუთებელი იყო.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების სხვადასხვა მომწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების, სოციალური ქსელების გამოყენებისა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელობის საკითხებს. უფრო კონკრეტულად, ნათქვამია, რომ ბაზარზე კონკურენცია „მინიმალურია”, რადგან ბაზრის ორ მესამედს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (სადენიანი ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზარზეც ორი პროვაიდერი დომინირებს. არასათანადო ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და ციფრული ნაპრალი მთავარ დაბრკოლებებად რჩება. ამ გამოწვევების დასაძლევად, მთავრობამ შექმნა არაკომერციული იურიდიული პირი, OpenNet, რათა განევითარებინა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა. ანგარიშში ნახსენებია სამოქალაქო უკმაყოფილება პროექტის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ნაკლებობის შესახებ.

ანგარიში ეხება სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტონომიურობის საკითხსაც. დადებითი ტენდენციის სახით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ანგარიში ირწმუნება, რომ „საჯარო უწყებაში თანდათან იზრდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა”.

ონლაინ აქტივიზმთან მიმართებაში ანგარიში საუბრობს ინტერნეტის მზარდ გამოყენებაზე ინფორმაციის გავრცელებაში, საერთო მიზნისთვის ხალხის მობილიზაციასა და ონლაინ კამპანიების წარმოებაში. ანგარიშში ამის მაგალითად მოყვანილია კამპანია სახელწოდებით „ბექა კრიმინალი არ არის“, რომელიც მარიხუანის უკანონო შენახვის გამო დაპატიმრებული ბექა წიქარიშვილის დასახმარებლად დაიწყო. ონლაინ პლატფორმები ფართოდ იქნა გამოყენებული თანამოაზრეთა მობილიზაციისა და მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილ პეტიციაზე საკმარისი ხელმოწერების შესაგროვებლად.

კონტენტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მთავრობის მხრიდან საერთაშორისო პლატფორმების დაბლოკვების უკანასკნელი ინცინდენტების მიუხედავად, „ონლაინ ცენზურა იშვიათია“ და „ონლაინ კონტენტი სისტემატურ მანიპულაციას არ განიცდის“. ამის მიუხედავად, აღნიშნულია, რომ თვითცენზურა გავრცელებულია საჯარო მოხელეებში. ონლაინ მედია კონტენტთან დაკავშირებით, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედია ლანდშაფტი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, თუმცა, საანგარიშო პერიოდში მიკერძოებული და არასანდო მედია კონტენტის, განსაკუთრებით ანტი-დასავლური პროპაგანდის, ფართო გავრცელება დაფიქსირდა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან მიმართებაში Freedom House-ის ანგარიში განიხილავს „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ კრიმინალიზაციის საკითხს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ კანონის ვიწრო ფორმულირების მიუხედავად, მას „შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებაზე“. გარდა ამისა, ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის პირადი საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნების გამო, უკანონო სახელმწიფო მოსმენები კვლავაც რჩება საზოგადოებრივი განსჯის საგნად.

თითოეული ქვეყნის შეფასება მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები, 2. კონტენტის შეზღუდვა და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2016 წლის ანგარიში 2015 წლის მაისიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდს ფარავს.

წყარო: IDFI

აღსანიშნავია, რომ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) წარმომადგენელი, თეონა ტურაშვილი 2013 წლიდან არის Freedom On the Net-ის პროგრამის დამხმარე ავტორი. შესაბამისად, ის ჩართული იყო ქვეყნის 2016 წლის ანგარიშის მომზადებაში.

იტვირთბა....