ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ცესკომ „პატრიოტების“ საარჩევნო რეკლამა კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის (აგიტაცია) მესამე ნაწილს.

„პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას”. – აცხადებენ ცესკოში.

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მიუთითა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” ამ კლიპთან დაკავშირებით დაარღვია საარჩევნო კოდექსის არა მხოლოდ 45-ე მუხლის მესამე ნაწილი, არამედ 79-ე მუხლი, რომელშიც ვკითხულობთ:

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. დაჯარიმების საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, რომელმაც უნდა განიხილოს ცესკოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულ ოქმს არ ეთანხმება “პატრიოტთა ალიანსი”, ოქმზე მითითებულია, რომ პარტიის წარმომადგენელი უარს აცხადებს ოქმზე ხელმოწერაზე.

შეგახსენებთ, აღნიშნული სარეკლამო რგოლი რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-ის ეთერიდან მოიხსნა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნკა გვარამიას თქმით,  “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარაჩევნო რეკლამა ატარებდა ანტითურქულ ხასიათს, აღვივებდა ეთნიკურ შუღლს და ეწეოდა ქსენოფობიის პროპაგანდას, რაც, როგორც საქართველოს კანონმდებლობას ასევე არხის სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....