aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ექსკლუზივი: სად დაუშვა შეცდომა ცესკომ „ცენტრისტების“ რეგისტრაციაში გატარებისას

aviabiletebi
ავიაბილეთები

რას საქმიანობენ პრორუსული პარტიები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან

“400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება” ეს ვლადიმერ ბედუკაძის პოლიტიკური მოძრაობის “ცენტრისტების” წინასაარჩევნო დაპირებებია. სარეკლამო რგოლი აფხაზეთის ომიდან 24-ე წლისთავსა და ე.წ აგვისტოს ომიდან მე-8 წლისთავზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა. მაუწყებლის, რომლის შენახვაც გადასახადის გადამხდელებს წელიწადში 4 მილიონი ლარი უჯდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ცენტრისტები“, რომელსაც ციხის სკანდალური კადრების ავტორი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა, რეგისტრაციაში 2016 წლის 15 ივლისს გაატარა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. შესაბამისად, პრორუსულმა პარტიამ, როგორც არაკვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო მიიღო.

“პირველი არხის” ეთერში, ღიად პრორუსული პარტიის ვიდეორგოლმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ძალიან მალე საზმაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა და გაემიჯნა ხელმძღავენელების გადაწყვეტილებას ეთერში გაეშვათ წინასაარჩევნო ვიდეორგოლი.

განცხადება გააკეთა ტელევიზიის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემაც. გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამა არ გაეშვა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც მის შინაარსობრივ ნაწილში ჩაერეოდა.

”ვიზიარებთ იმ შეშფოთებას და მდგომარეობას, რომელიც აქვს საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით. მინდა პირველ რიგში განვმარტო ის ნაწილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში და კანონმდებლობა ამას ცალსახად გვავალდებულებს, შესაბამისად რეკლამა განთავსდა ეთერში”. – აღნიშნა გვიმრაძემ.

გვიმრაძის განცხადებიდან, რომ მაუწყებელი სამართლებრივად უძლური იყო ბედუკაძის კლიპთან მიმართებაში და საზოგადოება უნდა შეგუებოდა ღია რუსულ პროპაგანდას სახელმწიფო ტელევიზიით, რამდენიმე საათში “პირველმა არხმა” სარეკლამო რგოლი ეთერიდან მოხსნა.

სასურველი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მსგავსი განცხადების კაკეთების წინ ქვეყნის კონსტიტუციას გასცნობოდა. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში ვკითხულობთ: დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის, ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

“მეტრონომთან” საუბარში მედიაექსპერტი ნინო დანელია აცხადებს, რომ მაუწყებელს კლიპი ეთერში არ უნდა გაეშვა. დანელიას არგუმენტად ქვეყნის კანონმდებლობა მოჰყავს, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ღიად გატარება პოლიტიკური ძალების მიერ დაუშვებელია.

“აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ის პოზიცია რომლის მიხედვითაც ეს სარეკლამო რგოლი ეთერში მოხვდა. გასაგებია, რომ შინაარსში ვერ ჩაერეოდნენ, თუმცა რგოლის არ გაშვება მათ თავისუფლად შეეძლოთ. სწორედ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის ინტერესების შემცველ და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებას პოლიტიკური პარტიების მიერ და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ყოველგვარ მოქმედებას. მათ რომ ეხელმძღვანელათ კანონის ამ მუხლით არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა. მოხსნის გადაწყვეტილება საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირდება. მგონია საზოგადოებრივი აზრის დატესტვასთან გვქონდა საქმე. მათ საქართველოს მოქალაქეების ნების და მოთმინების შემოწმება სურდათ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებამ ძალიან სერიოზული პროტესტი გამოთქვეს და სწორედ ამიტომ მოხნა მაუწყებელმა კლიპი ეთერიდან”. -აღნიშნავს დანელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ჯერ კიდევ კლიპის გამოსვლამდე ითხოვდა ბედუკაძის პარტიის არჩევნებიდან მოხსნას. ორგანიზაციის იურისტი ნინო რიჟამაძე “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. რიჟამაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის საფუძველზეც ისინი “ცენტრისტების” საარჩევნო საქმიანობის აკრძალვას ითხოვდენენ.

“საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ საარჩევნო სუბიექტი უშუალოდ, ან თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” საქართველოს ამომრჩევლების დაინტერესებას ახდენს 400-ლარიანი პენსიით, რომლის დაფინანსების წყარო არა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტია”.- აცხადებს რიჟამაძე.

რიჟამაძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას საფუძვლად პოლიტიკური პრულარიზმი ედო, თუმცა იგივე მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის საფრთხე, რასაც რუსული პროპაგანდა გულისხმობს და რომლის შემთხვევაშიც საარჩევნო სუბიექტის აკრძალვა დასაშვებია.

პარალელურად, რესპუბლიკურმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ცალ-ცალკე, საკონსტიტუციო სარჩელისთვის პარლამენტში ხმების შეგროვება დაიწყეს. სარჩელის მიზანია „ცენტრისტებისთვის“, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური ძალისთვის, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის გაუქმება. საკონსტიტუციო სარჩელს დეპუტატთა 1/5-ის ხმების სჭირდება. პრორუსული პროპაგანდა უკვე დაგმეს პრემიერმა და პრეზიდენტმა.

გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ამ შემთხვევაში გარკვეული ბალანსის დაცვა რთულია.

საზოგადოების აქტიურობამ შესაბამის უწყებებს სწორედ ამ უსაფრთხოების საკითხებზე გადაატანინა ყურადღება და ახლახანს ცნობილი გახდა ცესკოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას, „ცენტრისტებს“ არ ჰყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.

კანონმდებლობის თანახმად, პარტია ჯერ საჯარო რეესტრში რეგისტრირდება და მხოლოდ შემდგომ მიმართავს ცესკოს რეგისტრაციისთვის. საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად პარტიებს გარკვეული პროცედურების გავლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უწევთ:

1) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);

2) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;

3) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

4) პარტიის წესდება;

5) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ (პარტიის იურიდიული მისამართის შესახებ ცნობა გულისხმობს შესაბამისი იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას ან ადგილსამყოფლის სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას.);

6) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;

7) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.

8) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სხვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი თამთა კახიძე “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის “ცენტრისტების” რეგისტრაცია ცესკოში დარღვევებით წარიმართა.

“საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლი ადგენს, რომ ცესკოს თავმჯდომარე არეგისტრირებს პარტიას. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით ცესკოს თავმჯდომარეს უნდა მიმართავს. კანონში ასევე წერია, რომ დოკუმენტი  ხელმძღვანელი პირის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი, ანუ ხელმძღვანელი პირი საჯარო რეესტრში ოფიციალურად უნდა იყოს რეგისტრირებული, რადგან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ საჯარო რეესტრის მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური მარეგისტრირებელი ორგანო, სადაც დარეგისტრირების შედეგადაც პირს უფლებამოსილება წარმოეშობა არის საჯარო რეესტრი. შესაბამისად, ცესკოს თავიდანვე უნდა შეემოწმებინა, იყო თუ არა იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერა დოკუმენტზე”. – აცხადებს კახიძე.

რამდენად მნიშვნელოვანია ღიად პრორუსულ პოლიტიკური ჯგუფებთან მიმართებით მსგავსი პოლიტიკის გატარება და რეალურად არის თუ არა ბედუკაძის მსგავსი პოლიტიკოსები იმგვარი საფრთხე ქვეყნისთვის, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ?

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ „ცენტრისტების“ მსგავსი მარგინალური ძალების არსებობაში სახიფათო არაფერია, რადგანაც მათი რეიტინგი ნახევარ პროცენტზე დაბალია.

„თუ ეს ნიშნული იქნება უფრო მაღალი და ანგარიშგასაწევი, მაშინ გამოდის, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს საერთოდ ყველას – სახელმწიფოს, პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც სათანადოდ ვერ აუხსნა საზოგადოებას, თუ რა არის ევროატლანტიკური სივრცე, მისი ღირებულებები და ა.შ. ვფიქრობ, რომ ასეთი შფოთი და შეჯიბრი პოლიტიკურ პარტიებს შორის, ვინ უფრო პატრიოტულია და ვინ უფრო კატეგორიული იქნება ამ მარგინალური პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ, მე მგონი, გამოიყენება წინასაარჩევნო თამაშებისთვის, ქულების დასაწერად“.- აცხადებს გორგილაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას.

განსხვავებულია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის” გიორგი კლდიაშვილის აზრი კლდიაშვილი ამბობს, რომ ამ შინაარსის პოლიტიკური რეკლამის გაშვება მაუწყებელზე, რუსეთთან ომებში დაღუპული ათი ათასობით გმირის შეურაცყოფაა.

„როცა ისინი პირდაპირ, საარჩევნო რეკლამაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მიზანი არის საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანა, ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ჩვენი ძალოვანი სამსახურები.

უნდა გაარკვიონ, თუ რას საქმიანობენ პრორუსული პარტიები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, ეს არის მთელი ქართველი ხალხის და რუსეთთან ომებში დაღუპული ათი ათასობით გმირის შეურაცყოფა.“- ამბობს კლდიაშვილი.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....