“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერიაში გაყალბებული პროექტის ცვლილებები იყო წარდგენილი” – ამის შესახებ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“მოწმემ ჩვენება მისცა პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული პროექტის ცვლილებები გაკეთდა შპს LMC-ის სახელით. პროექტზე გამოყენებულია ამ კომპანიის ბეჭედი და არქიტექტორების ხელმოწერები. მოწმემ სრული კატეგორიულობით განაცხადა, რომ ეს ცვლილებები არ ყოფილა მათ მიერ დამზადებული. შესაბამისად, ხელმოწერების და ბეჭდის გამოყენება ყალბად მოხდა. მოგეხსენებათ, ბრალდების მხარე “გრინსერვის პლუსის” დირექტორს ედავება პროექტის ცვლილებების გაყალბებას. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერიაში წარდგენილი იყო გაყალბებული პროექტის ცვლილებები” – ამბობს პროკურორი [ინტერპრესსნიუსი].
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა. ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება.