aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პუტინმა სამბოში ვარჯიში საქართველოში დაიწყო… იგი ხშირად დადიოდა სათევზაოდ იმ მდინარეზე, სადაც თავის დროზე სტალინიც თევზაობდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კვირის პალიტრის” არქივი, სტატია გამოქვეყნებულია 2022 წლის 15 ოქტომბერს

ვლადიმერ პუტინის დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით უცხოურ მასმედიაში რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების განხილვისას ისევ არის დამოწმებული სავარაუდო ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისიდან ზოგიერთი ქართული მედიაგამოცემის მიერ გავრცელებული მოარული ხმებით, იგი, თურმე, 1950-იან წლებში საქართველოში იზრდებოდა, კერძოდ – კასპის რაიონში.

გთავაზობთ ერთ-ერთ მსგავს მასალას, რომელიც უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა “გორდონმა” (Гордон) გაავრცელა. მისი მთავარი რედაქტორი ოლესია ბაცმანი (პუტინის ცნობილი ოპონენტი ჟურნალისტის – დმიტრო გორდონის ცოლი) ესაუბრება ტელეწამყვან სავიკ შუსტერს (იგი 1952 წელს ვილნიუსშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ, 1971 წელს მშობლებთან ერთად კანადაში გაემგზავრა. ამჟამად აქვს კანადისა და იტალიის მოქალაქეობა).

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით “[2000 წელს] საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა. თვითმფრინავი აფეთქდა”.

სავიკ შუსტერი: – ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს დაიბადა, მაგრამ რომელ წელს – ეს ჯერ გაურკვეველია. პოლონელმა ჟურნალისტმა ქალმა ქრისტინა რედლიხმა 2016 წელს გამოსცა წიგნი სახელმწოდებით – “ვოვა, ვოლოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი”. ავტორი საიმედო ქალბატონია, მან 15 წელი იმუშავა ამ წიგნზე. მასალებიდან გამომდინარე იგი ამტკიცებს, რომ [შეძლო უტყუარი ფაქტების მოკვლევა]. ქრისტინა რედლიხი ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვდა და ესაუბრა. ნამდვილს! ოფიციალურს კი არა, არამედ – ნამდვილს. როგორც წიგნშია ნათქვამი, პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაფიქსირებული მშობლები მისი ნამდვილი მშობლები არ არიან. პუტინის ნამდვილი დედა ვერა ნიკოლაევნაა, იგი სანქტ-პეტერბურგელი არ არის, ურალში, პერმის ოლქში მდებარე სოფელშია დაბადებული 1926 წელს. იმ სოფელში პუტინის გვარის მქონე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ომის შემდეგ ახალგაზრდა გოგონას – ვერას სწავლის გაგრძელება სურდა. მან [ტექნიკუმის სტუდენტობის დროს] გაიცნო პლატონ პრივალოვი, რომელმაც მოატყუა და უთხრა, რომ ცოლი არ ჰყავდა, სინამდვილეში კი ის დაოჯახებული იყო. ვერამ უკანონო შვილი გააჩინა – ვლადიმერ პუტინი. ეს მოხდა 1950 წელს. შემდეგ ვერამ გაიგო, რომ პლატონს ოჯახი ჰყავდა ანუ ვერა ნიკოლაევნა მარტოხელა დედა აღმოჩნდა. მოგვიანებით მან ვაჟი მშობლებთან დატოვა და ტაშკენტში წავიდა, სწავლის გასაგრძელებლად. იქ მან ვიღაც ქართველი მამაკაცი გაიცნო, რომელიც ვერას ჯადოსნურ ამბებს მოუყვა და თავი უმდიდრეს და კეთილშობილ ადამიანად გააცნო. ახალგაზრდა ქალი გათხოვდა და ქმარს საქართველოში წაჰყვა, სოფელ მეტეხში – სხვათა შორის, ეს სოფელი გორიდან, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ვერა მეტეხში ცხოვრობდა, მაგრამ პერმის ოლქში დატოვებულ ვაჟზეც ფიქრობდა. საბოლოოდ, მან შვილი საქართველოში ჩაიყვანა, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ ქართველ მამინაცვალს გერი არ უყვარდა – სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა. ამის გამო დედამ შვილი ისევ ბებიას და პაპას დაუბრუნა გასაზრდელად. რადგანაც იმ სოფელში ბევრი პუტინი ცხოვრობდა, ერთ-ერთი პუტინის გვარის მქონე ოჯახი ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად, ცოლ-ქმარი 41-წლისანი იყვნენ. 1952 წელს მათ თითქოსდა დაებადათ ვაჟი, რომელსაც სახელად ვლადიმერი დაარქვეს. მათ პირველ შვილს ვიქტორი ერქვა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპა. მათ ვერა პუტინას ვაჟი შვილად აიყვანეს…

ოლესია ბაცმანი: – რამდენი წლის იყო ვლადიმერი, შვილად რომ აიყვანეს?

სავიკ შუსტერი: – ამის თქმა არ შემიძლია, არ მახსოვს, თუმცა ვიცი, რომ [ჭიდაობა] სამბოში ვარჯიში ვლადიმერმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას დაიწყო ანუ უკვე საკმაოდ მოზრდილი იყო. იგი ხშირად დადიოდა სათევზაოდ იმ მდინარეზე, სადაც თავის დროზე სტალინიც იჭერდა ხოლმე თევზს. ამაზე ქრისტინა რედლიხი წერს. ამრიგად, ვლადიმერ პუტინი 1950 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა და არა 1952 წელს, როგორც ახლა აცხადებენ. ესე იგი, რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად 70 წლის კი არა, არამედ 72-საა, პოლონელი ჟურნალისტის წიგნის მიხედვით. თავის დროზე ეს წიგნი არც ერთ უცხო ენაზე არ გადათარგმნილა, 2016 წელს პუტინის ბიოგრაფიის ისტორია სენსაციას არ წარმოადგენდა. საერთოდ, წიგნს არავითარი როლი არ შეუსრულება იმდროინდელ პოლიტიკაში – მერე რა, რომ უკანონო შვილია… თუმცა ვიმეორებ, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის სხვადასხვა ვერსიაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყეს…
და რაც კიდევ საინტერესოა, 2000 წელს, ვლადიმერ პუტინის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე (რომელიც მან პირველ ტურშივე მოიგო), არტემ ბოროვიკმა, რუსეთში ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც იმ დროს გაზეთ “სოვერშენო სეკრეტნოს” (“სრულიად საიდუმლოდ”) მთავარი რედაქტორი იყო და ტელევიზიაშიც რეიტინგულ გადაცემას ხელმძღვანელობდა, ეს ინფორმაცია გაიგო და მის გადასამოწმებლად ჩეჩენ ბიზნესმენ ზია ბაჟაევთან ერთად საქართველოში გაფრინდა, პუტინის ნამდვილ დედასთან შესახვედრად. – ინტერვიუს ჩასაწერად და მომავალი პრეზიდენტის ბავშვობის ამსახველი რამე ფოტოსურათის მოსაძიებლად). თვითმფრინავი “იაკ-40” შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენისას აფეთქდა – არტემ ბოროვიკიც დაიღუპა და ზია ბაჟაევიც. განა მაშინ ამის დამალვა საჭირო იყო? რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” (ФСБ) თვალსაზრით, საჭირო იყო. აბა რა, რუსეთის პრეზიდენტი უკანონო შვილი ხომ არ უნდა ყოფილიყო?! დაიწყებოდა ჭორების, ინტრიგების გავრცელება, რასაც მისი ოპონენტებიც გამოიყენებდნენ და ბორის ელცინის ოჯახის მტრებიც, ისე, რომ შეიძლებოდა, ვლადიმერ პუტინს არჩევნები პირველ ტურში ვერ მოეგო… ჩემი ეჭვით, ის ვერც მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებდა.

ოლესია ბაცმანი: – და ეს ხდება 2000 წელს…

სავიკ შუსტერი: – დიახ, მარტში. არტემ ბოროვიკი არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირით ადრე დაიღუპა. ამიტომაც მე არ ვიცი, ახლა რა იუბილე აღინიშნება – 70 თუ 72 წლისთავი. დღემდე პრეზიდენტის ბიოგრაფიის ეს დეტალები საგულდაგულოდ იმალება. გახსოვთ მისი ბიოგრაფია, რომელიც 2000 წლის არჩევნებამდე მან თვითონ დაწერა და გამოაქვეყნა? მასში ვლადიმერ პუტინი ვრცლად ჰყვება მამამისზე, რომელმაც ომის წლები გამოიარა, ჰყვება დედაზეც, რომელმაც ბლოკადა გადაიტანა და შვილის გაჩენა 41 წლის ასაკში შეძლოა, რაც მაშინაც კი ეჭვს იწვევდა – ქალმა, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადის მთელი უბედურება გადაიტანა, შიმშილობდა და ამ დროს 41 წლის ასაკში შვილი გააჩინა. მოკლედ, ქრისტინა რედლიხი ასეთ ისტორიებზე წერს. სხვათა შორის, ბევრს, ვინც ვლადიმერ პუტინის ცხოვრებასა და საქმიანობას თვალს ადევნებს, პრეზიდენტის ოფიციალური ბიოგრაფიისა სჯერა.

ოლესია ბაცმანი: – სავიკ, ეს ბევრ რამეს ნათელს ჰფენს. პირველ რიგში, იმას, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრი კომპლექსი ბავშვობიდან მოსდევს; მეორე – თუ მამინაცვალი აბუჩად იგდებდა და დასცინოდა, გასაგებია, რომ ვლადიმერს ახლა მთელ მსოფლიოზე სურს შური იძიოს, პირველ რიგში კი – საქართველოზე. ასეა, ხომ?

სავიკ შუსტერი: – ალბათ, შეიძლება ასეც შევხედოთ. და თუ მართლაც ეს სიმართლეა, ისეთი ბავშვობა, სადაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, სადაც ახლობლები სიყვარულით არ ეპყრობიან და დასცინიან, რასაკვირველია, მასზე გავლენას მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს. ამაში არავითარი ეჭვი არ არსებობს. ისიც, რომ მან სამბოში ვარჯიში დაიწყო, შემდეგ კი – ძიუდოში, ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ წავიდა იგი ამ გზით. იცით, იმ დროს ლენინგრადის [ეზოებსა და ქუჩებში] რა ხდებოდა… მას თუ აბუჩად აიგდებდნენ, იგი ცდილობდა თავი დაეცვა”.

ჩვენს მკითხველს გავახსენებთ, რომ 2006 წლის ივლისში რუსულ პროსამთავრობო გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეცში” გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით – “პრეზიდენტის ქართული სანათესაო // ვერა პუტინა: “მე შვილზე უარი მისივე სიკეთისათვის ვთქვი”, რომლის ავტორი ირინა ბობროვა მეტეხში ჩავიდა მოარული ხმების გადასამოწმებლად.

პუბლიკაციაში ნათქვამია, თუ როგორ გავრცელდა ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის “ქართველობაზე” – 2000 წლის დასაწყისში თბილისში არსებულ ჩეჩნეთის წარმომადგენლობაში, ხიზრი ალდამოვთან ქართველები მივიდნენ და ეს ისტორია გაანდეს, ალდამოვმა კი გროზნოში დუდაევის პრესმდივანს აცნობა, ასევე – რუსულ ტელეკომპანია “ენ-ტე-ვეს”, რომელმაც თავი შეიკავა ამ ინფორმაციის ეთერში გაშვებისაგან – შეეშინდათ, როგორც ჩანს. ცოტა მოგვიანებით პუტინის ბავშვობის ისტორია ჩეჩენმა ბიზნესმენმა ზია ბაჟაევმა არტემ ბოროვიკს გააცნო, მაგრამ მას საქართველოში ჩასვლა არ დასცალდა. რუსეთის პრეზიდენტის “ქართველობის ამბები” ამით არ მთავრდება: 2000 წლის შემოდგომაზე იტალიურმა გაზეთმა “ლა რეპუბლიკამ” (La Repubblika) გამოაქვეყნა თავისი საკუთარი კორესპონდენტის – ანტონიო რუსოს დაღუპვის ისტორია, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოში მოკლეს. საქმე ისაა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე ჟურნალისტმა იტალიურ “რადიო რადიკალეს” აცნობა ვიდეოკასეტის შესახებ, რომელიც შეიცავდა ცნობას ვლადიმერ პუტინის “ქართული ბავშვობის” შესახებ და რომ დედამისი სიღარიბეში ცხოვრობს.

იტალიურმა გაზეთმა არ გამორიცხა, რომ თავისი ჟურნალისტის სიკვდილი შესაძლოა, უკავშირდებოდეს არტემ ბოროვიკისა და ზია ბაჟაევის დაღუპვას. “ლა რეპუბლიკა” წერდა, რომ ანტონიო რუსომ მოასწრო და რედაქციას გადასცა არტემ ბოროვიკთან მისი საუბარი, რომელშიც ლაპარაკი იყო “კრემლის ბინადარის ბიოგრაფიის საიდუმლო ეპიზოდებზე”.

როგორც “მოსკოვსკი კომსომოლეცის” პუბლიკაციის ავტორი წერს, მეტეხში ყოფნისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, სკოლის მასწავლებლებმა და თვით დედამ – ვერა პუტინამ მას ბევრი ფაქტი გააცნეს პუტინის ბავშვობიდან, პერმის ოლქში ცხოვრებაზე და ა.შ. (სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი ქართულ ენას კარგად დაეუფლა).

“როგორც ვერა პუტინამ მითხრა ცრემლიანი საუბრის დროს, შვილი რუსეთში მისივე სიკეთისათვის გაგზავნა, აქ რომ დარჩენილიყო, დიდი კაცი ვერ გახდებოდა. დედა ახლა შვილს პატიებას ცრემლებით სთხოვს…

ვესაუბრე საქართველოს სამბოს მოჭიდავეთა გუნდის ხელმძღვანელს, მეტეხელ ოლეგ იაძეს. სწორედ მან გაანდო თანასოფლელებს, რომ ერთ-ერთ ტურნირზე რუსეთში მასთან თვით ვლადიმერ პუტინი მისულა და ჩუმად უთქვამს – “მეტეხთან მე ბევრი რამ მაკავშირებსო”.

მოსკოვში რომ დავბრუნდი, ვერა ნიკოლაევნას სამშობლოში, პერმის ოლქში დავრეკე. ჩემდა გასაკვირად, მთელი ისტორია, რასაც მოხუცი ქალი მომიყვა… სრული სიმართლე აღმოჩნდა, მცირე გადაცდომით.

ოჩერსკის რაიონის ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა მოიძიეს საარქივო მასალები, რომელშიც იპოვეს ინტერნატის ყოფილი აღსაზრდელის – ვლადიმერ პლატონოვიჩ პუტინის პირადი საქმე. მისი დაბადების წელია 1950 წლის 17 სექტემბერი. გრაფაში “დედა” ეწერა: “ცხოვრობს საქართველოში”, გრაფაში “მამა” – ტირეა გასმული. “ვლადიმერ პუტინი ჩვენი ბავშვთა სახლიდან 1968 წელს წავიდა და სწავლა პროფტექნიკურ სასწავლებელში დაიწყო. მას სურდა, ჭაბურღილების გათხრის სპეციალისტი გამოსულიყო და ჩრდილოეთში ემუშავა”, – ამბობს დირექტორი. აქვე დავძენთ – პრეზიდენტის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინმა 1969 წელს მისაღები გამოცდები ლენინგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

მოკლედ, ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიაში აშკარად ბევრი შეუსაბამობაა, ამას თვითონ “მოსკოვსკი კომსომოლეცის” ავტორიც ადასტურებს, მაგრამ იგი მაინც ეჭვობს, რომ “პუტინის ქართველობა” სიმართლეა.

“გაზვიადებული სენსაციების სახელით, ათობით დასავლელი ჟურნალისტი გახდა პოპულარული. რუსმა ისტორიკოსებმაც დაიცვეს დისერტაციები ამ თემაზე. ფილმები და წიგნები, რომლებიც პრეზიდენტის ქართულმა სანათესაომ გამოუშვა, სწრაფად გაიყიდა. ქართველების მოგონილმა ისტორიამ კარგად იმუშავა. მაგრამ ყველაზე მეტად ამ ისტორიაში ცუდი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის ოპონენტებმა მოხუც ქალს ჩააგონეს, რომ მისი შვილი მართლაც რუსეთის პრეზიდენტია. მოსკოვში დაბრუნებისას ჩემს ერთ შემთხვევით თანამგზავრს, ქართველ მაღალჩინოსანს, ღვინის ქარხნის ყოფილ მფლობელს გამოველაპარაკე. საუბრის დროს მან თითი ტუჩებთან მიიტანა და ჩამჩურჩულა: “იცით, ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომაა დაძაბული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის? თქვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოზე შურისძიებას ცდილობს. მისი ნამდვილი დედა ხომ ჩვენთან ცხოვრობს, ჰოდა, დედამისისთვის მძიმე ბავშვობა ვერ უპატიებია”.

——————–

საერთოდ, “ძლიერთა ამა სოფლისას” ბიოგრაფიებში ხშირად ბევრი რამ შელამაზებულია – აბა, ვისთვისაა სასიამოვნო ცხოვრების “არასწორი” მომენტების გასაჯაროება? ამიტომაც დიდ პოლიტიკაში ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რამ. არც ვლადიმერ პუტინია გამონაკლისი.

წყარო : kvirispalitra.ge

იტვირთბა....