სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ამის შესახებ ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ კონფლიქტის ზღვარზე მდგომარეობა მას შემდეგ მივიდა, რაც ევროკავშირის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები მანქანის სანომრე ნიშნების აკრძალვის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა.
ვუჩიჩმა კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ ბოლო სადაზვერვო მონაცემები. სიტუაცია ძალიან რთულია, ის ფაქტობრივად კონფლიქტის ზღვარზეა. მე ვიცი, რომ კოსოვოდან სერბების წარმომადგენლები მეტყვიან, რომ ისინი დაიღალნენ და რომ ამას აღარ შეეგუებიან, ან რომ მათ არ ადარდებთ და რომ შეიძლება, ყველა მოკვდნენ; თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია და უნდა დააფასონ ჩვენი თხოვნა“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მიმდინარე წლის ზაფხულში კოსოვომ სერბული სანომრე ნიშნების მანქანების შესვლა აკრძალა, რასაც კოსოვოში მცხოვრები სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მდგომარეობის დასასტაბილურებლად რეგულაციის ამოქმედება გარკვეული დროით გადაიდო. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან ის მძღოლები, ვინც უარს იტყოდნენ სერბული სანომრე ნიშნების ჩანაცვლებაზე, 150 ევროთი დაჯარიმდებოდნენ, თუმცა როგორც კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, სერბული სანომრე ნიშნების მქონე მძღოლებისთვის ჯარიმების ამოქმედება აშშ-ის ელჩის თხოვნის შემდეგ კიდევ ორი დღით გადაიდო.