ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გადადგი ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი – მელია ზურაბიშვილს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც “მთავარი არხის” ხელმძღვანელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. თავის მიმართვაში მელიამ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის მიერ გამოტანილ განაჩენს ოლიგარქის ნების აღსრულება უწოდა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, გადადგას სწორი ნაბიჯი, თუ მას რეალურად სურს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება:

“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველების დიდი უმრავლესობის ნებაც, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე. დიახ, სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა, მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა, სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში და პარალელურად. შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონის, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალური განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი. გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას” – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....