„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განსხვავებული მიდგომა და აზრი იდევნებოდა, ამიტომ „იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან”.
მოცემული განცხადება კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს წესრიგი იყო დამყარებული, ვინაიდან „ცდილობდნენ წესრიგისთვის შეეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით“, კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო განსხვავებული აზრის ხელყოფა.
„ეს მიდგომები და დამოკიდებულებები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან იმიტომ იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, როგორ უსწორდებონენ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ხალხთან…ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. რას ნიშნავს წესრიგის დამყარება მათი შეფასებით?! განსხვავებული აზრის პირდაპირ ხელყოფა იყო, თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი პრობლემა იყო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო 2012 წელს და მთელი ამ წლების განმავლობაში ხედავთ, როგორ მთავრდება არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.