საქართველოში კლინიკების დაფინასების მექანიზმი იცვლება. იმ კლინიკებთან ანგარიშსწორება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, DRG სისტემა ავტომატურად ითვლის ფასს, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების მკურნალობისთვის გადაიხდის.
ეს მეთოდი ყველა კლინიკაში პაციენტებს ერთი და იგივე მომსახურების ერთი ტარიფით გადახდის საშუალებას მისცემს. ეს კი პაციენტის მხრიდან ითვალისწინებს მხოლოდ თანაგადახდის წილის (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) გადახდას, შესაბამისად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში ჩართულ პაციენტებს კლინიკა დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება თანაგადახდის წილისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
ახალი სისტემით დაფინანსება განისაზღვრება ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობით, ასაკით, დიაგნოზით და ა.შ. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ახალი მეთოდი გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, ფინანსური რესურსი პაციენტის საჭიროებებს მოხმარდეს.