ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არაქართულენოვან სკოლებში პედაგოგების კვალიფიკაციის მწვავე პრობლემებია – განათლების კომიტეტის კვლევა

არაქართულენოვან სკოლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა – ამის შესახებ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებულ მოკვლევაშია ასახული. კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას.

პარლამენტის კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევა ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას, პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებასა და ასევე, სახელმწიფო ენის პოლიტიკას მოიცავს.

ადრეულ და სკოლამდელი განათლებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღების დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი და კვალიფიკაცია კვლავ გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება ზოგად განათლებას, როგორც მოკვლევაში აღნიშნული, პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.

„კვლავ თვალსაჩინოა განსხვავება სწავლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაში ეთნიკურ უმცირესობათა და ქართულენოვან სკოლებს შორის. არაქართულენოვანი სკოლების განათლების ხარისხზე მრავალი კომპლექსური ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა, განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა.

სისტემაში არსებობს სწრაფვა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში ბილინგვური/მულტილინგვური მოდელების დანერგვასა და გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ქმედითი კონტრიბუცია. ეს კი შესაძლებელი იქნება ყოვლისმომცველი, ურთიერთდაკავშირებული და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავების შემთხვევაში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეთნიკურ უმცირესობათა უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის თვალსაზრისით პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისა და სტუდენტების შეფასების სისტემები, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ინდივიდების მზაობას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებისათვის შექმნის მტკიცებულებებს.

ე.წ. 1+4 პროგრამის ფარგლებში არსებობს ნაკლოვანებები, რომელთა დროულად მოგვარება სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობისკენ წინგადადგმული ნაბიჯი გახდება. ეს კი, პირველ რიგი, გულისხმობს ეთნიკური უმცირესობათა სტუდენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ხელმისაწვდომობას,“ – წერია მოკვლევაში.

რაც შეეხება პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებას – დოკუმენტის მიხედვით, ზრდასრულთა განათლების პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი იკვეთება, თუმცა არსებული პროგრამები არასრულად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე არის გათვლილი, რაც საკმარისი არ არის.

ზრდასრულთა განათლების პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი იკვეთება, თუმცა არსებული პროგრამები არასრულად არის გათვლილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე, რაც საკმარისი არ არის,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

მოკვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის შესწავლისათვის უფრო აქტიური, მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა, ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას,“ – აღნიშნულია მოკვლევაში.

იტვირთბა....