ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – ოპოზიცია თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას აპროტესტებს

მაღალი თანამდებობის პირებს შრომითი ანაზღაურება ხუთასიდან რვაას ლარამდე ეზრდება, რიგით თანამშრომლებს ასით. სხდომაზე ამ ამბავს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,რეზო ხარაზმა სხდომა დატოვა.

რეზო ხარაზის თქმით, ის არ აპირებს თანამდებობის პირების “გაზულუქებას” შეუწყოს ხელი.

„მაშინ, როცა ნახევარ მილიონზე მეტი თანხა ამოიღეთ და ორი დღის წინ ქალაქი დაგეტბორათ, დღეს გადმოიტანეთ და ხელფასებს იზრდით. არასდროს არ დავუჭერ მხარს იმას, რომ თანამდებობის პირები კიდევ უფრო გაზულუქდნენ. არ ვაპირებ დღეს ამ განხილვაში მონაწილეობას“ – ამბობს რევაზ ხარაზი.

ასევე, სხდომაზე ჩაქვის სასაფლაოს თემა გაჟღერდა , რომელზეც ოპოზიციის თქმით, 5 მილიონი დაიხარჯა.

„5 მილიონი დახარჯეთ იმ სასაფლაოში, რომელსაც ერთი ყარაული ჰყავს. გავაკეთოთ საქმე და ნუ ფლანგავთ რესურსებს“.- განაცხადა ოპოზიციამ.

ბათუმის საკრებულოს მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელფასები არ გაზრდილა და შემოსავლების ზრდამ ხელფასების პროცენტული ზრდა გამოიწვია.

„საკრებულოში არ გაზრდილა ხელფასები. ხელფასების ზრდა არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ნებისმიერი კერძო სტრუქტურა აიღეთ, როდესაც შემოსავლები იზრდება, იქ გარკვეული პროცენტით ხელფასები ეზრდება ყველა თანამშრომელს. ანალოგიურია სახელმწიფო სტრუქტურამ, რითია განსხვავებული“. – ამბობენ მმართველ გუნდში.

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი პარტიის რიგები დატოვა და ყაველაშვილი – სუბარის დანაყოფს შეუერთდა.

იტვირთბა....