ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცვლილებები რეგლამენტში – უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი

საგამოძიებო კომისიებსა, პარლამენტის კომიტეტებში და სხვა საპარლამენტო სტუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. შესაბამისად, უმრავლესობის გარეთ – ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის განისაზღვრება ცალკე კვოტა.

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობის “ხალხის ძალა“ მოამზადეს.

სწორედ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. არსებული წესის მიხედვით, კვოტა უმრავლესობაში და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის საერთოა.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ზუსტად იგივე პრინციპით პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო დაკომპლექტდება .

ამავე პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ისიც, რომ თუ საჭირო იქნება, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა,რომ გარკვეული პრობლემები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ ცხრა დეპუტატი გავიდა, რომლებიც ახლა უმრავლესობის უფრაქციო წევრები არიან. მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტში უფრაქციო დეპუტატების საერთო რაოდენობა 20-ზე მეტია, კომიტეტებში კი მათთვის ერთი ან ორი ადგილია განსაზღვრული.

მისი თქმით, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ საპარლამენტო ორგანოებში უკეთ იყვნენ წარმოდგენილი და უმრავლესობასა და ოპოზიციაში მყოფმა უფრაქციო წევრებმა “კვოტებში არ გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“.

რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედებიდან სამი დღის ვადაში შესაბამისი წარმომადგენლობის კვოტებს შეიმუშავებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.

იტვირთბა....