„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, დიდი ალბათობაა იმის, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერც მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღებს.
როგორც ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ქმედებები და განცხადებები ბრიუსელში კითხვებს იწვევს და მისი აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.
„კითხვები უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევას და ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსის უარის მიღებამდე და უარის მიღების შემდეგ. ეს ის კითხვებია, რომელთა გამოც, ძალიან მაღალი, თითქმის 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. ომი კი არ გვინდა, რეკომენდაციების შესრულება გვინდა და არ აკეთებენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ზურა ჯაფარიძე ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესსაც გამოეხმაურა და მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობაა იმის, რომ ხელისუფლება ამ თანამდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატს შეარჩევს.
„არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება რომელიმე დემოკრატიულ ინსტიტუტს დათმობს და მისცემს მას დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. ამ ხელისუფლების ბუნება არის ასეთი, რომ ძალაუფლების ყველა წერტილი სრულად უნდა გაკონტროლდეს, მათ შორის შეიძლება არც ისე ძალიან პრობლემატური ძალაუფლების დაკარგვის თვალსაზრისით, მაგრამ მგონია, რომ ამ პოზიციაზეც საკუთარ კანდიდატს გაუშვებენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.