„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, რამდენიმე პრობლემა იკვეთება საარჩევნო პერიოდში. მათ შორის, ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო.
ასევე, მან განაცხადა, რომ საარჩევნო პერდიოში არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომლებზეც საჭიროა მუშაობა და ამ საკითხების სწორად ფორმულირება და წარმართვა.
„რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება. პირველი, ეს არის არათანაბარი ფინანსური რესურსები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. გასული წლის არჩევნებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მმართველი პარტიის ჯამური თანხა აღემატებოდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თანხას ერთობლივად. ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შემომწირველები საუბრობენ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე. ასევე იყო შემთხვევა, როცა საუბრობდნენ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში არიან მმართველი პარტიიდან ტენდერებში გამარჯვებული ადამიანები. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამტკიცდეს. აუდიტის სამსახური ცდილობს ამ გამოწვევებთან დაკავშირებით იმუშაოს, თუმცა რესურსისა და შესაბამისი მანდატის არქონა განსაზღვრავს იმას, რომ ისინი ვერ ახერხებენ სიღრმეებში წასვლას, რადგან ეს გამოძიებასთან არის დაკავშირებული. ასევე, ერთი პრობლემა, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არის ის, რომ იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებიც კოორდინატორებად არიან ჩართული, ხშირად არის „ხელზე“, ესეც აჩენს იმის რისკებს, რომ ბოლომდე არ იყოს დეკლარირებული ის თანხები, რომელსაც პარტიები კოორდინატორებზე გასცემენ“, – განაცხადა დოლიძემ.
ნინო დოლიძის თქმით, პრობლემატური საკითხია საარჩევნოდ რეკლამების განთავსება სოციალურ ქსელში.
„პრობლემად რჩება არაოფიციალური ნაწილი, როდესაც ანონიმური გვერდები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ფუნქციონირებენ, სათანადოდ არ ადეკლარირებენ იმ თანხებს, რომელსაც ხარჯავენ“, – განაცხადა დოლიძემ.