ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზოგჯერ შემომწირველები იმაზე ბევრად მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით გათვალისწინებულია – ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ქვეყანაში პარტიების დაფინანსების წყაროებზე, რუსული გავლენების, ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის თაობაზე დისკუსიას მართავს. ამ ღონისძიებაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობს რუსული ფული და ზოგჯერ შემომწირველები იმაზე ბევრად მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით გათვალისწინებულია.

ეკა გიგაურმა პარტიების დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს სისტემა გამჭვირვალეა და წლების წინ ჩამოყალიბდა.

„ჩვენ ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე, წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ის გამოწვევები, რომელზეც ერთად გვინდა ვისაუბროთ, თუ როგორ შევებრძოლოთ ამ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს ქვეყანა“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ე. წ შავი ფულის პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„როცა საქმე „შავ ფულს“ შეეხება, ეს არის ის ფული, რომლის წარმომავლობა არ ვიცით“, – განაცხადა გიგაურმა.

იტვირთბა....