ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის მომხრე ვარ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” უპირველესი ამოცანა სააკაშვილის გათავისუფლებაა – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში ოპოზიციურ გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ამ პროცესს არ უყურებენ იმედიანად ბევრი მიზეზის გამო. მისი განმარტებით, ის მიესალმება მსგავსი ტიპის გაერთიანებას და თანამშრომლობას, თუმცა ენმ-ს მთავარი ამოცანა სააკაშვილის გათავისუფლებაა:

“ენმ ყოველთვის და განსაკუთრებით უკნასკნელ წლებში მოსურნე და ინიციატორი იყო სიტუაციური გაერთიანების, თანამშრომლობისა და ერთობის. Ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ ამ ტიპის ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავიგოთ გაერთიანებაზე საუბრისას რა შინაარსსა და აზრს ვდებთ, რადგან ფაქტია, ამ სიტყვამ უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა, არცთუ ისე ცოტა ადამიანისთვის უარყოფითი კონოტაცია შეიძინა, ხოლო სიტყვა გაერთიანება ბევრისთვის ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პროცესისთვის ერთ მუშტად შეკვრასთან. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ამ პროცესს არ უყურებენ იმედიანად ბევრი მიზეზის გამო. პრაქტიკიდან გამომდინარე, მათ შესაძლებელია სხვა ტიპის თანამშრომლობა ერჩივნოთ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, მაშინ უნდა ვთქვათ, რა ტიპის გაერთიანებაზეა საუბარი. სხვაგვარად, მე ამ ტიპის ურთიერთობას თანამშრომლობას ვეძახი, რაშიც წლების განმავლობაში ვიყავით ჩართული. გაერთიანება და თანამშრომლობა თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. თანამშრომლობას წინ არაფერი უდგას, წლების განმავლობაში ამის დემონსტრირება ხდებოდა ენმ-ის მხრიდან.
ვართ თუ არა მზად თანამშრომლობისთვის, რომ გავხდეთ ჯერ კანდიდატის სტატუსის მატარებელი სახელმწიფო, შემდეგ კი დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი? – რა თქმა უნდა, ვართ.
ვართ თუ არა მზად, რომ პოლიტიკური პატიმრები აღარ გვყავდეს ამ ქვეყანაში? – რა თქმა უნდა, ამისთვის როგორ შეიძლება მზად არ იყოს განსაკუთრებით ენმ.

ვართ თუ არა მზად თანამშრომლობისთვის, რომ საზოგადოებას მეტნაკლებად ერთიანი, შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ვესაუბროთ, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ გვიპირისპირდება რუსული ყაიდის ან წმინდა რუსული პროპაგანდისტული ამოქოქილი გავარვარებული მაქნანა? – რა თქმა უნდა, ვართ!

Სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი პირველი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. Არ ვამბობ, რომ ამ პარტიებში არ არიან ადამიანები, რომლებიც არ თანაგვიგრძნობენ ჩვენ და მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პარტიებს სხვა ინტერესი უფრო აქვთ. Სანამ ამ ვითარებაში ვართ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მსგავსი, თუნდაც შიდა დემოკრატიული შეჯიბრობითობა შესაძლოა უადგილო იყოს” – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....