aviabiletebi
ბლოგები მთავარი საზოგადოება

ტრადიციული სიძულვილი VS არატრადიციული სიყვარული

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ამ ბოლო დღეებში აქტიური და ცხარე პოლემიკის საგანი გახდა სექსუალურად არატრადიციულად მომართული ადამიანებისთვის იმ უფლების მინიჭება-არმინიჭების საკითხი, რომელიც სექსუალურადვე ტრადიციულად მომართულ საზოგადოების ნაწილს მის ექსკლუზიურ უფლებად მიაჩნია და რომელიც ოჯახად მხოლოდ იმ ურთიერთობებსა და თანაცხოვრებას განიხილავს, რომელში მონაწილე მხარეებსაც განსხვავებული სქესები წარმოადგენს.
პირველნი თავიანთ სიმართლეს ეძებენ; მეორენი თავიანთს და უკვე ნაპოვნს იცავენ.
მინდა სიმართლის ჩემეული ვერსია შემოგთავაზოთ.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არჩევანი არ არის – მდგომარეობაა!..
მაღალგანვითარებული საზოგადოებისთვის ის არ უნდა იყოს (და არც არის) მისაღები, ან მიუღებელი მდგომარეობა. ასეთი მდგომარეობა მოცემულობაა, რომელიც რასაკვირველია ნორმისგან ერთგვარი გადახრაა!.. გადახრაა იმდენად, რამდენადაც სქესობრივი დაყოფის, მისი ბუნებრივი ორპოლუსიანობის პრინციპებს არღვევს… შეიძლება ითქვას, რომ ბუნებას ეწინააღმდეგება, უარყოფს რა მის თავდაპირველ და თითქოს ერთადერთ “პროექტს”, ოღონდ… ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ამ გადახრას კიცხავს და ხშირად მას “ბოროტების გამოვლინებადაც” კი რაცხავს, რატომღაც ვერ ათვითცნობიერებს, რომ ასეთი გადახრის, ადამიანის ასეთი შიდა კონსტიტუციის უკან არა პირადი არჩევანი, არამედ იგივე ბუნება დგას, რომელიც ასეთ გადახრას ერთგვარი ანომალიის სახით გვთავაზობს; ვერ ათვითცნობიერებს, რომ ბოროტება სწორედ რომ მოცემული ანომალიის დევნაში მდგომარეობს და არა თავად ანომალიაში.

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანისადმი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ფაქტობრივად, ინკვიზიციის ერეტიკოსისადმი დამოკიდებულებას უტოლდება… ფიზიკური ანგარიშსწორების თვალსაზრისით თუ არა, მორალურით მაინც; რაც მის (საზოგადოების) უმწიფრობაზე მეტყველებს.
მაღალგანვითარებული საზოგადოების შიგნით, მის წიაღში, უკვე ამოზრდილია შეგნება, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: განვითარებული საზოგადოებების ყველა ფენის წარმომადგენლებს უკვე თვითშემეცნების დონეზე აქვთ გათვითცნობიერებული ის, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არაფრის და არავის წინააღმდეგ მიმართული, არჩევანით განპირობებული ქმედება არ არის და ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია, ოღონდ “პირიქით”…
ჩვენი ცნობიერება, ამ მხრივ, განვითარებადი მსოფლიოს განუვითარებელ ნაწილთან ერთად, მეტად მოუქნელ, ერთგვარი ჟანგისა და ღრჭიალის მდგომარეობაში იმყოფება.

რაც შეეხება ასეთი ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების ოფიციალურ სტატუსს და აქედან გამომდინარე მათთვის ბავშვის გაშვილებისა და მასზე ზრუნვის უფლებას, რასაკვირველია ეს დასაშვებია!.. და რასაკვირველია ეს დაუშვებელია!..

დასაშვებია იმ საზოგადოებაში, რომლის უდიდეს ნაწილს გადალახული აქვს ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რომლის გადალახვამდეც ეს ადამიანები “მეორეხარისხოვან ადამიანებად” ითვლებოდნენ… ნუ, თუ არ ითვლებოდნენ, ყოველ შემთხვევაში ასეთებად აღიქმებოდნენ. დასაშვებია იმდენად, რამდენადაც ასეთი საზოგადოება ვერანაირ საფრთხეს ამაში ვერ ხედავს… და სამართლიანადაც. რატომ უნდა ააგო ზედმეტი ზღუდეები იქ, სადაც ასეთი ზღუდეს აგების ობიექტური მიზეზი უბრალოდ არ არსებობს?  ასეთი საზოგადოება დაახლოებით ამგვარად განსჯის: ეს ადამიანები არიან, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათ უნდათ თავიანთი ასეთი, უმრავლესობისგან განსხვავებული, ყოფა და ცხოვრება სრულ(!)უფლებიანი გახადონ. ისინი ამბობენ: “ჩვენ არ ვართ მონსტრები!.. ჩვენც გვიყვარს ყველაფერი კარგი და გვძაგს ყველაფერი ცუდი!.. ჩვენც გვიყვარს ცხოველები და ბუნება… ჩვენც გვიყვარს ბავშვები!.. ჩვენს მიერ აღზრდილი ბავშვი არ იქნება მონსტრი!.. ის ისეთივე იქნება, როგორიც მილიონობით სხვა… ჩვენ რომ სხვანაირები ვართ, ეს მასზე  ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს…” – და ასეთ საზოგადოებასაც ესმის მათი. ასეთ საზოგადოებას ესმის, რომ ამ განხრით ადამიანის ბუნების ძირითად, მის ორპოლუსიან მოდელს არაფერი არ ემუქრება… ესმის, რომ შობადობაზე ამას არანაირი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს, რამეთუ საპირისპირო სქესისკენ ლტოლვა ადამიანის გენეტიკურ კოდში დევს; მისი ასეთი ლტოლვა ჰორმონალურ დონეზე წყდება და აღზრდასთან არანაირ კავშირში არ არის. მაშ, რაღატო ვამყოფო ეს ხალხი ნახევრად ლეგალურ და უუფლებო მდგომარეობაში, სადღაც ფარდის უკან?! – ფიქრობს ასეთი საზოგადოება და მათთვის იმ უფლებების სრული პაკეტის გადაცემას გადაწყვეტს, რომელსაც მისი უმრავლესობა ფლობს. ასეთ საზოგადოებაში ინტეგრირებული ასეთი ოჯახი საზოგადოების ზუსტად ისეთივე შემადგენელი უჯრედი ხდება, როგორიც მისი ტრადიციული უჯრედია. ამდენად, ასეთი წყვილის მიერ აღზრდილ ბავშვს არანაირი “ჰიბრიდ-მონსტრ-მუტანტობა” არ ემუქრება. ის მიღებული და აღიარებულია საზოგადოების სრულუფლებიანი ოჯახის წარმომადგენლად და რაც მთავარია – საზოგადოების მხრიდან ის მიღებულია არა მხოლოდ ფორმალურ საკანონმდებლო დონეზე, არამედ საგნებისადმი ფაქტობრივი, გულწრფელი დამოკიდებულების დონეზეც.

საკითხისადმი იგივე მიდგომა დაუშვებელია საზოგადოებაში, რომლის წინაშე ჯერაც ის ფსიქოლოგიური ბარიერია აღმართული, რომელიც ამ ადამიანებში დეფექტს უფრო ხედავს, ვიდრე განსხვავებულობას. დაუშვებელია ასეთ საზოგადოებაში იმის დაკანონება, რაც მხოლოდ და მხოლოდ კანონის დონეზე იმუშავებს და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ერთგვარი იძულების ფორმებს შეიძენს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების ურთიერთობისთვის ოფიციალური სტატუსის და შედეგად ბავშვის გაშვილებისა და მასზე ზრუნვის უფლების მინიჭება დაუშვებელია გარემოში, სადაც ასეთი ოჯახი თითით საჩვენებელი იქნება. ეს პირველ რიგში საზიანოა ბავშვისთვის, რომელიც მიაღწევს რა გარკვეულ ასაკს, დიდი შანსია ღიად დაუპირისპირდეს ან საკუთარ აღმზრდელებს, ან მთლიანად საზოგადოებას, ან კიდე ორივეს ერთად.
ამდენად, საქართველოში და ამ ეტაპზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ლაპარაკი, რომელიც საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი გახდა, რასაკვირველია ნაადრევია.

კი ბატონო, ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ცოტა არ იყოს ძნელად გასაგებია – როგორ შეიძლება შენივე სქესის წარმომადგენლის მიმართ სექსუალური ხასიათის წყურვილი, ლტოლვა გაგაჩნდეს? ორი მაგნიტის მაგალითზე, ფიზიკის მარტივი კანონიც კი ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ ორი ერთნაირი ნიშნის მქონე პოლუსი ერთმანეთს განიზიდავს, ოღონდ… ადამიანებსშორისი ასეთი უცნაურობა მხოლოდ მეგობრულ-მხიარული ინტერესის საგანი უნდა იყოს და არ მესმის “ფიზიკის კანონების დარღვევით” გამოწვეული ინტერესის გარდა, რატომ უნდა იწვევდეს სხვა და მითუფრო, უარყოფით შეგრძნებებსა და დამოკიდებულებებს.

სადღაც მითქვამს და აქაც გავიმეორებ – განვითარების კიბეზე ადამიანის აღმასვლის ერთადერთი მაჩვენებელი მისი ჰუმანურობაა. ადამიანი ტექნოლოგიური მიღწევების პიკზეც კი განუვითარებელი დარჩება, თუ მასში ჰუმანიზმის კოეფიციენტი არ აიწევს.
როგორ შეიძლება თავს ესხმოდე ადამიანს, რომელიც თავისი ბუნებით შეიძლება უკეთილშობილესი ადამიანი, და, ძმა და შვილი იყოს?! როგორ შეიძლება მხოლოდ იმიტომ იყო ადამიანის მიმართ სიძულვილით განწყობილი, რომ მასში, მისგან დამოუკიდებლად, პროცესები სხვა, შენგან განსხვავებული მიმართულებით წარიმართა?! როგორ შეიძლება საკუთარ თავს სიკეთის, სინათლის მიმდევრად და მცველად განიხილავდე და იმავდროულად, ყველაზე ბოროტი და ყველაზე ბნელი ხერხით – სიძულვილით იცავდე?!

ვასო შონია

 

იტვირთბა....