aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“მაესტრო” და “იმედი” – ორი პოლიტიური ინსტრუმენტი მომავალ არჩევნებში?

aviabiletebi
ავიაბილეთები

გელბახიანი მეტრონომთან აცხადებს, რომ ირაკლი რუხაძის პოლიტიკაში მოსვლა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პოლიტიკაში მოსვლას ნიშნავს

4 თებერვალს ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა საბჭო ტელეკომპანიის დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან დასათხოვნად და ახალი დირექტორის ასარჩევად შეიკრიბება. როგორც თავად გადაბაძე ამბობს, იგი მანამდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ელოდება “ვერდიქტს”.

დღეს სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით არხის გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი ტელეკომპანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე გახდა.

„ტელეკომპანია მაესტროს მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომოანია “იმედის” არაოფიციალური მმართველი, ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს მაესტროს – ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევს ქართულ ტელებაზარზე. მე თითქმის 3 წელია “მაესტროს” დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულების ერთგულები იყვნენ. დღეს კი, ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია სრულიად კონკრეტული ფასი.

წილის გამყიდველების – ბატონების ებრალიძის და ჩიკვაიძის 1 % წილი არის მინუს 460 ათასი ლარი დაახლოებით. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში არასოდეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, – ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურეობრივი პოზიციები და ფუნქციები. 3 წელია მაესტროს დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი “მაესტრო”. და ეს ასეც არის. მის სახელს მართლაც არაფერი უკავშირდება. ამ ტელევიზიაში, რომელშიც ჩემი მენეჯმენტის ქვეშ ჩაიდო რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, განახლდა ტელევიზიის შეფუთვა, სატელევიზო სტუდიები, შეიქმნა ახალი ფორმატები და სხვა. განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია მაესტროში მუშაობას პარტნიორების კონფიგურაციის პირობებში. მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას”, – განაცხადა ბაია გაბადაძემ.

დადასტურებულია, რომ 4 თებერვალს ჩანიშნულ „მაესტროს“  პარტნიორთა საბჭოს კრებაზე დღის წესრიგში შესულია არხის გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.  გაჩეჩილაძე  ამ თანამდებობაზე  თავისი ძმის ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას არ გამორიცხავს.

„გენერალურ დირექტორად რამდენიმე ადამიანზე ვსაუბრობთ. ვინ იქნება, არ ვიცი. შეიძლება დარჩეს ის, ვინც არის. ჩვენი ძირითადი მიზანია, ტელევიზია გახდეს ყურებადი და ისევ მოიპოვოს ის ნდობა, რომელიც ჰქონდა და აუცილებელად ვეცდები, რომ ეს გავაკეთოთ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ის ტელეკომპანიის ფორმატის შეცვლას გეგმავს: “ჯერ არაფერი შეიცვლება. წავა ისე, როგორც მიდის. მერე ახალი ფორმატის ტელევიზიაზე დავიწყებთ მუშაობას. თუ ბოლომდე მივიყვანთ ამას, ძალიან კარგი იქნება. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ… ვნახოთ, რა იქნება”.

გაჩეჩილაძე იმასაც განმარტავს, თუ როგორ გახდა არხის 55%-ის მფლობელი და აცხადებს, რომ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მეგობრის, ირაკლი რუხაძის დახმარებით შეიძინა.

“როგორც იცით, მაკა ასათიანმა ტელეკომაპნიის გაკოტრებზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვიბრძვი, რომ არ გაკოტრდეს “მაესტრო” და ახლა, მის გადარჩენაზე მიდის საუბარი. შესაბამისად, ვფიქრობ იმასაც, რომ ეს ტელევიზია გახდეს კარგი, როგორც ეს ეკადრება “მაესტროს”, დაიბრუნოს თავისი პოზიციები, რაც დაკარგა” – აცხადებს გაჩეჩილაძე.

“მაესტროს” ხელმძღვანელობამ გასული წლის 21 სექტემბერს ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. “მაესტროს” დირექტორი ბაია გადაბაძე ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვდა.

“მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყოს.

გაჩეჩილაძის თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.

„მეტრონომი“ გია გაჩეჩილაძის წარმომადგენელ ირაკლი კორძახიას დაუკავშირდა, რომელმაც „მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს კრება 4 თებერვლისთვის მოიწვია. მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც დღის წესრიგშია დაყენებული.

„დღის წესრიგში დაყენებულია გოგელიას მიერ დაყენებული საკითხი “მაესტროს” გაკოტრების შესახებ. ბაია გადაბაძემ უკანონოდ, “მაესტროს” ექსკლუზიური გაყიდვის შესახებ რაღაც ხელშეკრულებები გააფორმა და უნდა, რომ პარტნიორებმა მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები განიხილონ. ხელშეკრულება გამოვითხოვე ბაიასგან და ველოდები მიღებას.

არხის დირექტორმა დაიწყო თავიდან გაკოტრების და შემდეგ გადახდის ნორმების წარმოება “მაესტროს” წინააღმდეგ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მაესტროს გაკოტრებას აქედან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ არსებული დირექტორი შეეწინააღმდეგება ამ ხელოვნურ და მიზანმიმართულ გაკოტრების პროცესს და თუ არ შეეწინააღმდეგება, მაშინ მოგვიწევს რაღაც გადაწყვეტილების მიღება“ – განაცხადა კორძახიამ.

ამ ცვლილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ექსპერტი ვალერი გელბახიანი ქართულ პოლიტიკაში ახალი ჯგუფის გამოჩენის შესახებ საუბრობდა. როგორც გელბახიანი ამბობდა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის ჯგუფის დაბრუნება იგეგმებოდა. ის ასევე ამბობდა, რომ ამ ჯგუფში იქნებოდნენ: ირაკლი რუხაძე, რომელიც მისი თქმით, პატარკაციშვილის ოჯახს ხელმძღვანელობს და რომელიც მის სიცოცხლეში მენეჯერი იყო, ახლა კი ოჯახის და მათი ბიზნესის მმართველია, ასევე ყოფილი პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე (გრეჩიხა).

როგორც ჩენს, გელბახიანის პროგნოზი მართლდება, რასაც „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადება მოწმობს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ  არხის რეალური მყიდველი ტელეკომოანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე გახდა. თანაც იგი ამბობს, რომ დავალიანების მქონე ტელევიზიის შესყიდვას შესაძლოა ერთი გამართლება ჰქონდეს – პოლიტიკა.

„სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა – ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა. მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა – „მაესტრო“ და „იმედი“. ირაკლი რუხაძის პოლიტიკაში მოსვლა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პოლიტიკაში მოსვლას ნიშნავს. შესაძლოა, ირაკლი რუხაძის სახელი პოლიტიკაში არაფერს ამბობდეს, მაგრამ, რადგან ის დღეს პატარკაციშვილების ოჯახს წარმოადგენს, ამიტომ მისი გამოსვლა ბადრის ოჯახის პოლიტიკაში გამოსვლას ნიშნავს“ – ამბობდა გელბახიანი.

„მეტრონომთან“ გელბახიანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ის უკვე ფლობდა და ეს პროცესები სწორედაც, რომ პოლიტიკისთვის სამზადისია.

„ორივე ტელევიზია „მაესტროც“ და „იმედიც“ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების წარმმართველი იდეოლოგიურად და ინფორმაციულად. ეს უნდა გახდეს პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ პროცესებში, რომელსაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია. ამას გარდა ირაკლი რუხაძე შეიძლება ითქვას, რომ ბადრი პატარკაციშვილის ქონების განმკარგავია. ის ივანიშვილთან დაახლოვდა იმის გამო, რომ მიეღო პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუმცა ამ შემთხვევაში მისგან „წყალობა“ ვერ მიიღო, ამიტომაც გადაწყვიტა პოლიტიკური პროცესებით მიიღოს სწორედ ის, რაც უნდოდა“ – განაცხადა გელბახიანმა.

„მეტრონომი“ ექსპერტ გიორგი ხუხაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ  პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი გუნდის შემოსვლასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი ვერ იქნება, რადგან არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და გარდა ამისა, დღეს ისეთი მაღალი ტემპერატურა არ არის, რომ ლევან გაჩეჩილაძისნაირი ადამიანები პოლიტიკაში მოთხოვნადები იყვნენ.

„მე მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები, თუნდაც  იმიტომ, რომ ცოტა დროა დარჩენილი. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით ლევან გაჩეჩილაძის ტემპერამენტი და დღეს არ არის ისეთი მაღალი ტემპერატურა, რომ მისნაირი ადამიანები პოლიტიკაში მოთხოვნადები იყვნენ, თუმცა ეს მისი უფლებაა. კი ბატონო, ყველას შეუძლია მოსინჯოს ძალები“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით ირკვევა, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს „სტუდია მაესტროს“ წილების 55%-ს ფლობს.

რეესტრში 2 თებერვალს გატარებული ამონაწერის მიხედვით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტია, 5%-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი მაკა ასათიანი. გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები – 30% გადაუფორმეს.

ამონაწერის მიხედვით, „გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს “სტუდია მაესტროს” კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე”.

ნინო ცხადაია

 

 

 

იტვირთბა....