aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

ტერორი ზაფხულში

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ხშირად გიტირიათ წიგნის დამთავრებისას? მე არა. მაგრამ ”Joyland”–მა ყველაფერი შეცვალა. ამ შემთხვევაში ტირილი ორმა ფაქტორმა განაპირობა – ძალიან სევდიანმა, თუმცა, სავსებით ლოგიკურმა და სიუჟეტურმა  დასასრულმა და თვითონ იმის გაცნობიერებამ რომ მორჩა, წიგნში შემდეგი გვერდები აღარ არის!..

”Joyland” არ არის არც მისტიკა, არც დეტექტივი, როგორც ამას ”ვიკიპედია” იუწყება. ”Joyland” რომანია, საკმაოდ მგრძნობიარე, სენტიმენტალური, ხანდახან ღიმილისმომგვრელი, ხანდახან კი დამამწუხრებელი. მისტიკის, უფრო სწორად – პარანორმალურობის ის მცირე დოზა, რომელსაც წიგნი შეიცავს, მაინც ვერ ხდის მას სრულფასოვან weird tale–ად, როგორებსაც კინგისგან ვართ შეჩვეული. და, უნდა ვაღიაროთ, არც არის საჭირო. ”Joyland” უნდა დარჩეს ისეთად, როგორიც არის – ძალიან სასიამოვნო, მსუბუქ, ”ლამაზ” fiction–ად. თუნდაც გაირიყოს სტივის ძირითადი შემოქმედებისგან.

21 წლის დევინ ჯოუნსი გასართობ პარკ  Joyland–ში სტაჟიორად იწყებს მუშაობას. სხვა carny-ებთან ერთად ის ბავშვების მოსაწყენი ცხოვრების გახალისებას მაქსიმალურად ცდილობს. მაგრამ როგორც აღმოჩნდება, დევინი სხვებზე უფრო მონდომებულია – აუტანელ სიცხეშიც კი არ ეზარება ძაღლის (პარკის სიმბოლოს) ბეწვის სქელი კოსტიუმი ჩაიცვას და ენერგიულად იხტუნაოს თუ იცეკვოს რიგში მდგომი ბავშვების წინ. მადამ ფორტუნა, ჯოილენდის ”მედიუმი” დევინს უწინასწარმეტყველებს რომ გამოჩნდება ორი ბავშვი, ერთი გოგო, ერთიც – ბიჭი, ძაღლით, და აქედან ერთ–ერთი მის ცხოვრებას შეცვლის. ერთხელაც დევინი პატარა გოგონას გადაარჩენს. უმალ გაზეთებში მოხვდება, ”გმირადაც” კი შერაცხავენ. გავა დრო და დევინი მორიგ გმირობას ჩაიდენს – ამჯერად პარკის უკვე სტაჟიან მსახურს, ყველასგან მოძლებულ ედი პარკსს გადაარჩენს… მაგრამ, დევინის პირადი ცხოვრება ასე საათივით არაა აწყობილი – შეყვარებული ჯერ სულ სხვა შტატში მიდის, შემდეგ კი საერთოდაც შორდება. საბრალო დევინი ჯერ კიდევ ვაჟიშვილია და ვერა და ვერ აისრულა ამდენი ხნის ოცნება – უენდისთან ერთად დაუვიწყარი ღამის გატარება. იგრუზება. ძალიან იგრუზება. მეგობრებთან – ერინსა და ტომთან ერთად პლაჟზე წამოგორებული ლუდსაც ყლურწავს. მერე მაიკსა და ენის გაიცნობს – დედა–შვილს. მაიკი ინვალიდია, კუნთების დისთროპია სჭირს და დიდი ხანი აღარ დარჩენია. თან სულ ახველებს. ძალიან საყვარელი ბავშვია (თან მაიკს ძაღლი ჰყავს. დიახ, ძაღლი!). ამას მაიკიც ხვდება და მასთან დაახლოება სურს, მაგრამ მკაცრი დედიკო ენი წინააღმდეგია და აბსოლუტურ არაკომინუკაბელურობას ავლენს – თითქოს ბულვარული დეტექტივებისა და მაიკის გარდა არაფერი აინტერესებს ამ ქვეყნად. მაგრამ ენი ულამაზესია და უსექსუალურესი. გრძნობ, კითხვის დროს როგორ გიმკვრივდება ერთი ადგილი… სანამ გავაგრძელებთ უნდა აღვნიშნოთ – რა თქმა უნდა რომანში არის დეტექტივისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები, მაგალითად: ატრაქციონი ”house of horror”, სადაც არც ისე ”მრავალი წლის წინ” მკვლელობა მოხდა. დადის ლეგენდები რომ მოკლული გოგონას – ლინდა გრეის – სული ჯერ კიდევ შიგნით დაძრწის და დროგამოშვებით ”გამორჩეულებს” აშინებს. ახლა ყველაფერი სწრაფ ტემპში: დევინი მაიკსა და ენის დაუმეგობრდება. მაიკს Joyland–შიც წაიყვანს და ყველა ატრაქციონს მოატარებს და ბიჭიც ცხოვრებაში პირველად იქნება ასეთი ბედნიერი. მერე დევინს და ენის სექსი ექნებათ. კინგი კი ამ ყველაფერს ისე აღწერს, გინდა არ გინდა ხელცქვიტობის მსხვერპლი გახდები. არაა საჭირო უელბეკისეული  სკრუპულოზური აღწერით სრულფასოვანი სურათი დახატო, მთავარია იცოდე სად რა და როგორი ინტონაციით თქვა – ესაა და ეს… The first time was embarrassing. The second time was good. The third … man, the third time was the charm… დევინი ამ დროს Joyland–ის ოფიციალური მუშაკია, ერთი ზაფხული არ ეყო და გადაწყვიტა კიდევ დარჩენილიყო, თუმცა ერენმა და ტომმა იგივე არ გააკეთეს და ქალაქში დაბრუნდნენ. დევინი ერენს თხოვს კოლეჯში დაბრუნების შემდეგ ჯოილენდში მომხდარი მკვლელობის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიე და უმალ შემატყობინეო. მოკლედ, ბიჭი აჟიტირებულია ამ ამბით. ერენის მიერ მოპოვებულ სურათებში ჩანს რომ მკვლელს ხელზე ტატუ აქვს (გარდა იმისა რომ ქერაა. ეს დევინმა ისედაც იცოდა). ხოდა, კიდევ ბევრო რომ არ ვილაპარაკოთ – მკვლელი ლეინ ჰარდია, პარკის ერთ–ერთი თანამშრომელი. ერთ ღამესაც დევინს სახლში (სასტუმროს ნომერში, ანუ) ურეკავენ. ლეინია და ემუქრება – თუ ჯოილენდში არ მოხვალ შენს ნაშასა და იმ კალიასკიან ნაბიჭვარს ყელს გამოვჭრიო. დევინი პარკში მიდის. მერე ატრაქციონზე იძულებით ასვლაა, იქ, where the air is rare… ხოდა ნუ, ის-ისაა ლეინი მოკვლას უპირებს რომ ბრახ… ისმის გასროლის ხმა და ამ ჩვენს პატივცემულ მკვლელსაც, მომავალში the carny killer-ად წოდებულ ჰარდის ვიღაც მიაწვენს. აღმოჩნდება რომ ეს ვიღაც ენია, მაიკის დედა, ყოფილი ჩემპიონი იარაღიდან სროლაში.

შემდეგ რა ხდება? ეეჰ. ენის შესახებ მთელი ნაცია გაიგებს, თუმცა დევინი მათთან ერთად ვერ დარჩება, უნდა წავიდეს. და მიდის კიდეც თავის მშობლიურ ქალაქში. ენიც, მაიკთან ერთად ჩიკაგოში ბრუნდება, რათა ბიჭს უმკურნალონ.

ერთ–ერთი ბოლო თავი ასე იწყება: ”ეს არის ამბები, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა, ერთ ჯადოსნურ წელს, როცა გალონი ბენზინი თერთმეტი დოლარი ღირდა”. დასაწყისისთვისაც გამოდგებოდა, ხო? ნამდვილად, ნამდვილად.

თქვენ გგონიათ დამთავრდა?

შეცდით.

გავა დრო, დევინს შეყვარებულიც ჰყავს – ჯენიფერი – და მასთან ერთადაა, ერთ დღეს უცებ ტელეფონი რომ დარეკავს. ენის ცუდი ამბავი აქვს – მაიკი წუხელ საღამოს გარდაიცვალა. პატარა ბიჭუნას უცნაურ სურვილს – კრემაციას, – დედა ასრულებს. შემდეგ კი დევინთან ერთად, ჰევენს ბეიზე, იქ, სადაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ფერფლსაც გაფანტავს. დევინი იესოს ფრანს გაუშვებს. ფრანს, რომელმაც შეახვედრა მაიკს და ენის.

რომანი ასე მთავრდება: ”ვუყურებდი როგორ მიფრინავდა ფრანი ზემოთ და ზემოთ და ზემოთ. მაიკს სურდა ენახა, რა სიმაღლეზე აფრინდებოდა იგი, სანამ საბოლოოდ გაუჩინარდებოდა, და იგივე მინდოდა მეც…”

 

რაც მართალია მართალია – დაბერებასთან ერთად მარტო დიაბეტი, სკლეროზი და ხერხემლის გამრუდება არ მოდის. კინგი, ალბათ დამეთანხმება.

კიდევ ერთი, რაც კინგის შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი – თუ ყველგან არა, მის ბევრ ნაწარმოებში, ძირითადად კი დეტექტივებში (ავიღოთ თუნდაც არც ისე კარგი ”Colorado kid”) მთავარი პერსონაჟები, კრიტიკულ სიტუაციებსა თუ სენტიმენტალურ სცენებში, დიალოგის მსვლელობისას უცნაურად ინფანტილურები არიან, თითქოს არაკომუნიკაბელურობას განასახიერებენ, მხოლოდ და მხოლოდ მშრალი ფაქტების კონსტატაციით ან ყოვლად უბრალო ტონის დაჭერით შემოიფარგლებიან. სწორედ ასე იქცევა დევინიც, ”Joyland”–ში.

ასეა თუ ისე, ყველა ავტორს გააჩნია ინდივიდუალური თავისებურება, თუ ხუშტური, – არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

ჯოილენდი კი ის წიგნია, რომლის წაკითხვაც წარმოუდგენელ სიამოვნებას მოგანიჭებს.

ლაშა მილორავა

 

იტვირთბა....