ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი: ჩვენი კანონმდებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას

დიახ, ჩვენი კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კონკრეტული პატიმრის მდგომარეობა არის თუ არა შესაბამისი იმ პირობების, როდესაც გადავადება უნდა მოხდეს, ეს უნდა დაადგინოს კვალიფიციურმა ექსპერტიზამ, – ამის შესახებ  სამოქალაქო იდეის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი პირველი იმ ჩამონათვალში, რომელშიც საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებს. იმისთვის, რომ დადგინდეს ამა თუ იმ პატიმარს უნდა გადაუვადდეს თუ არა ამ მიზეზით სასჯელის მოხდა, ამისთვის არსებობს პროცედურები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სამედიცნო პრობლემების შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტიზა. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაყვანა- არგადაყვანაზე და გაწელილი 50-დღიანი დრამის მორიგი სერიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლებას გაკვეთილი უნდა ესწავლა და რაც შეიძლება სწრაფად თავად გაუკეთოს ინიცირება ასეთი ექსპერტიზის დანიშვნას. ამას არ სჭირდება არაფერი სირთულე, ექსპერტიზა უნდა დაინიშოს ყველასთვის სანდო, მათ შორის საერთაშორისო შემადგენლობით, ეს სრულად შესაძლებელი და კანონიერია. მოთხოვნა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით გასაგებია, კანონი ასეთ რამეს ითვალისწინებს, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომ გასცეს პასუხი. ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი პასუხი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მორიგი დრამის ასაცილებლად ადვოკატთან და პირად ექიმთან თანამშრომლობის რეჟიმში შეირჩეს ისეთი ექსპერტიზის გუნდი, რომლის მიმართაც ყველა მხარე წინასწარ განაცხადებს ნდობას“ , – განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....