საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის „საერთაშორისო დემოკრატია“ წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციის საარჩევნო საკითხების განვითარების მენეჯერმა მარიტ ბჟორნლუნდიმ და საარჩევნო საკითხების განვითარების სპეციალისტმა მარტინა პერინომ გიორგი კალანდარიშვილს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

მარიტ ბჟორნლუნდი და მარტინა პერინო არჩევნების დღეს თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. დაკვირვების შედეგად მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მომზადების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ზოგადად საარჩევნო პროცესი კი გამჭვირვალედ წარიმართა. ისინი ასევე იმყოფებოდნენ კრწანისის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ცესკომ საპილოტე პროექტი განახორციელა. „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლების განცხადებით ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საარჩევნო პროცედურებს. უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მაგალითის მიმცემია სხვადასხვა მიმართულებით.

თავის მხრივ ცესკოს თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.

იტვირთბა....