კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან, 20 აგვისტოდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში ნომერზე – 2 405 405.
სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.
სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ.