ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს.
უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ და აღნიშნული დოკუმენტი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში გადააგზავნონ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.