aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-ი უარყოფს, რომ ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიედ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია.

სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველ აგვისტოს მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები მოიპოვა, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული.

სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან.

იტვირთბა....