შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 5 ივლისს პოლიცია მაქსიმალურად ცდილობდა მოძალადეების შეკავებას. მინისტრის განცხადებით, 3 200 სამართალდამცველი იყო ქალაქში და ისინი 20 სხვადასხვა ლოკაციაზე ცდილობდნენ წესრიგის დაცვას.
გომელაური აცხადებს, რომ 5 ივლისზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.
“სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის მარტო, რომ რობოკოპებში ჩაცმულებმა უნდა იარონ. ეს არიან ჩვეულებრივად პოლიციელები. როცა სჭირდებათ უნდა აღიჭურვონ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ მმართველი პარტია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ამაზე ოცნებობენ [თანამდებობა რომ დავტოვო]. 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან სამი ლოკაცია იყო, გახდა 8 ლოკაცია და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 20 ლოკაციაზე, რომ გადაანაწილო, 3 200 კაცი, ერთ ლოკაციაზე 150 კაცი გამოვა. მე გეუბნებით, რომ იყვნენ პოლიციელები, თქვენ ამბობთ, რომ არ იყვნენ. გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ – ეს ხომ იდიოტიზმია.
იყო თითოეული შემთხვევები – თავდასხმა ჟურნალისტებზე, ხელის დარტყმა, მაგრამ ესე მასიური, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ჟურნალისტების დევნა დაწყებულიყო, ეს მიუღებელია. ვგმობ, სამწუხაროა, რაც მოხდა. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ბიჭებს თავები გაუტყდათ, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს ფიზიკურად საშუალება რაც იყო, ვაკავებდით”, – ამბობს მინისტრი.
ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს ქაშვეთის ტაძართან დილიდან ღირსების მარშის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიერ გაშლილი კარვები. ფიზიკურად გაუსწორდნენ 53 მედიის წარმომადგენელს, დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. მოგვიანებით ღირსების მარშის ორგანიზატორებმა მსვლელობის გამართვა გადაიფიქრეს.
ჯამში პოლიციამ მოძალადებე ჯგუფებიდან 100-მდე ადამიანი დააკავა, მაგრამ მათი უმეტესობა ხელწერილის საფუძველზე გმაოუშვა.