aviabiletebi
ახალი ამბები

მარსზე ქალიშვილები არ არიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ ფიქრობთ რომ თქვენ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, შეყვარებულმა მიგატოვათ, თქვენი ხვედრი რთულია და მარტოობა სამუდამოდ გაგრძელდება, გაიცანით: მარკ უოტნი. ის მარსზეა, სკაფანდრში ხვრელი აქვს, მაცივარში უგემური პროტეინების წლიური მარაგია, ფლეილისტში კი მხოლოდ ,,ბი ჯიზის’’ და დევიდ ბოუის ტრეკები. უახლოესი ადამიანები კი რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის მოშორებით მყოფი, დედამიწისკენ მიმავალი მისი გუნდია, რომელმაც საშინელი შტორმის მერე დაკარგული უოტნი მკვდრად მიიჩნია და აუთვისებელ პლანეტაზე მარტო დატოვა.

კიდევ რა? – კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან გაწყვეტილია, შემდეგი ექპსედიცია მარსზე პროტეინების გამოლევიდან რამდენიმე წლის მერე ჩამოფრინდება. კიდევ ერთი პატარა და უმნიშვნელო დეტალი: წითელი პლანეტა წყლის და ჰაერის ნაკლებობას განიცდის…

ყოველთვის, როცა წიგნის კითხვას იწყებ, წარმოდგენა არ გაქვს, რა გელის იმ სამყაროში, რომელში მოგზაურობის ბილეთიც ავტორმა მოგყიდა. ,,მარსელს’’ კი ძალიან შორს, დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრის მოშორებით, ამოუცნობ, შეუსწავლელ, ხიფათით სავსე მარსზე მივყავართ, სადაც არც ჯაზია, არც ქალიშვილები, არც ,,MTV’’, გიდობას კი ზემოთნახსენები მარკ უოტნი, ბიოლოგი და სპეციალურად მარსზე გასაშვები ექსპედიციისთვის დაკომპლექტებული ჯგუფის, ,,არეს 3’’-ის წევრი, გალაქტიკურ დონეზე უკვე საკმაოდ ცნობილი ,,რობიზონ კრუზო vol 2’’ გაგვიწევს.

წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ზოგიერთი მომენტი კი იმდენად გიჯდება ტვინში, გინდა ხელმეორედ, ხელმესამედ გადახარშო, თუმცა ავტორი უპირატესობას მარკ უოტნის ანიჭებს და დიდ გასაქანს არ გვაძლევს – ყველაფერს მარსზე მარტოდ დარჩენილი ასტრონავტის თვალებით ვხედავთ და განვიცდით იმას, რასაც მთავარი გმირი. მარკ უოტნი კი ენდი უირმა იდეალურად დახატა. მის უნიკალურობას ის იუმორის გრძნობა განაპირობებს, რომლითაც იგი ყველა პრობლემას თუ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობას უყურებს. მას არ რცხვენია ბილწისტყვაობის და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. თუ ტრაკშია, უოტნის არ რცხვენია ამის თქმა და ავტორი არ ცდილობს მკითხველს იდეალური გმირი დაუხატოს. მოკლედ, მარკ უოტნი ჩვეულებრივი ადამიანია – შეიძლება სუპერგმირი არა, მაგრამ საკმაოდ განათლებული და მოხერხებული მეცნიერი.

მთელი რომანი სწორედაც რომ მეცნიერებისთვის ხოტბის შესხმაა. ეს ფაქტიურად არა ფანტასტიკა, არამედ ღრმად ფსიქოლოგიური კვლევაა კოსმიურ მარტოობაზე, განუყოფელ სინდისის ქენჯნაზე და იმაზე, როგორ შეუძლია გონებას ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა, ხოლო ფინალში ხვდები რა მნიშვნელოვანია სიმტკიცის და იმედის ქონა, რომ მარსზე მხოლოდ და მხოლოდ კარტოფილით შეძლებ ცხოვრებას.

მარსელი ბოლო წლების განმავლობაში გამოსული საი-ფაი წიგნებიდან ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, რეალურად ფანტასტიკა აქ დიდად არცაა – თვითონ ნერდი და გიკი ენდი უირი, ყველა სამეცნიერო დეტალს თითქმის პედანტურად ზუსტად ხსნის – რომანი სავსეა ტექნიკური დეტალებით თუ სამეცნიერო ტერმინოლოგიით, – რაც ერთის მხრივ სიუჟეტს ბუნებრივობას სძენს, მეორეს მხრივ – ასტრონავტიკით დაინტერესებული პირების გულს იგებს.

ენდი უირი ხაზს უსვამს რომ სიტყვათა წყობაში ,,სამეცნიერო ფანტასტიკა’’, პირველი სიტყვა მეორეზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არაა. მისი ისტორია თითქმის იდეალურად ზუსტია, ამავდროულად კი მკითხველისგან არ ითხოვს ფიზიკის, ქიმიისა თუ ბიოლოგიის დიდ ცოდნას. მიუხედავად უამრავი გამოთვლისა თუ გონებაში წარმოდგენილი ექსპერიმენტისა, რომლებიც რომანის ლამის ნახევარს შეადგენს, სიუჟეტი წარმოუდგენლად დინამიურია და წიგნის კითხვას ისე ამთავრებ, ვერც კი ხვდები, რამდენი ხანი კითხულობდი.

ლაშა მილორავა

 

იტვირთბა....