“როგორც რიგით მოქალაქეს, მაწუხებს ეს პრობლემა”, – ასე ეხმაურება მეტრონომთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე ბუნებრივი აირის ფასის მატებასთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილებას.
ბერაძე ვარაუდობს, რომ მთავრობა გაზის მომატებული ტარიფის სუბსიდირებაზე იმსჯელებს.
“სემეკ-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო გუშინ. მე ვფიქრობ, რომ მთავრობა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს, თუმცა, ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიღებს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის თბილისში ყოველთვის ხდება სუბსიდირება თბილისის მერიის მიერ. მერია ყოველთვის ეხმარებოდა იმ მოსახლეობას, რომელსაც გაზის გადახდა და კომუნალურების გადახდა არ შეეძლო. დამოკიდებულება და მიდგომები ძირითადად იქნება, ალბათ, ასეთივე”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, სემეკ-ის გადაწყვეტილება განპირობებული იყო თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.
“გაზის ტარიფი თბილისში, მოგეხსენებათ, რომ არ შეცვლილა 2017 წლის შემდეგ და ახლა თითქმის გაუთანაბრდა აქამდე რეგიონებში არსებულ ტარიფს. 2017 წლიდან რეგიონებში ტარიფი კუბურ მეტრზე იყო 57 თეთრი, თბილისი ენერჯის კორექტირებული ტარიფი ამ წუთას შეადგენს 54 თეთრს. სემეკ-ის გადაწყეტილება, ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, განპირობებული იყო თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. 2009 წლის შემდეგ, კომპანიას მართავდა სპეციალური მმართველი და კომპანიას ჰქონდა დიდი დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ათი წლის განმავლობაში, გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციის კუთხით, მნიშვნელოვანი ინვესტიცია არ განხორციელებულა”, – უთხრა მეტრონომს რიმა ბერაძემ.
შეგახსენებთ, თბილისში გაზი 1-ლი ივნისიდან 7.8 თეთრით გაიზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიმ მიიღო.