საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ მთავრობა ბუნებრივი აირის მომატებული ტარიფის სუბსიდირებაზე იფიქრებს.
როგორც მეტრონომს წილოსანმა განუცხადა, ხელისუფლება გადაწყვეტილებას პოსტპანდემიური ბიუჯეტის კონფიგურაციიდან გამომდინარე მიიღებს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იფიქრებს აღმასრულებელი ხელისუფლება და ალბათ, თბილისის მერია. ზუსტად ვერ გეტყვით, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ გამომდინარე ბიუჯეტის კონფიგურაციიდან და იმ პოსტპანდემიური ბიუჯეტიდან, რომელიც ძალიან შემჭიდროვებული და საკმაოდ ეკონომიებით არისდ შედგენილი”, – აცხადებს წილოსანი.
დეპუტატის თქმით, გაზზე ფასის მომატება პოზიტიური მოვლენა არ არის, მაგრამ ობიექტური მიზეზები აქვს.
“გაზის ტარიფის მომატება, გარკვეულწილად, არასასიამოვნო იქნება მომხმარებლებისთვის, თუმცა, ტარიფის მატებას აქვს ობიექტური მიზეზები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, გაზის ტარიფი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე თბილისში და ამ მატებით გამოთანაბრდა, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ხსნის პრობლემას, რომელიც შეიძლება თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს. ამიტომ, ვერ შევაფასებ როგორც პოზიტიურ მოვლენას, მაგრამ ამას აქვს ობიექტური მიზეზები”, – უთხრა მეტრონომს წილოსანმა.
შეგახსენებთ, თბილისში გაზი 1-ლი ივნისიდან 7.8 თეთრით გაიზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიმ მიიღო.