ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, 26 მაისთან დაკავშირებით, საკუთარ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ მიზანი დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის დაკნინება არ ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს არა აღლუმზე, არამედ მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
გოლეთიანის თქმით, მისი მოწოდება უკავშირდება იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც 26 მაისს საზოგადოების წინაშე გამოდიან და რომელთაც რიონის ხეობის მცველები დამნაშავეებად მიიჩნევენ.
„ხალხი ჩვენი გამარგინალებითაა დაინტერესებული და ამბობენ, რომ ვართ მართული ძალა; თითქოს გაუგებარია მათთვის, რას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, რომელიც უშუალოდ კავშირშია ნამახვანჰესის კასკადის დოკუმენტაციასთან და ხელის მოწერასთან, რაც იქ არის. ამიტომ, 26 მაისს რა ხდება თავისუფლების მოედანზე, მარტივად რომ დავსვათ კითხვა – 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ზოგადად ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ჩვენ თუ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი, ლოგიკურად. ის ჩინოვნიკები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში პრობლემა და ზოგიერთის გადადგომას ვითხოვთ და პასუხისგებაში მიცემას, ვინც კავშირშია და ეს ხალხი უნდა გამოვიდეს იმ ტრიბუნაზე, ანუ რა ხდება, სად უნდა ისმინოს ამ ხალხმა სიტყვა, აქ უნდა ისმინოს, თუ იმ ჩინოვნიკების სიტყვა ისმინოს. ანუ აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი – 26 მაისის, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოვა და ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ არის დამნაშავე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 მაისს ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ 26 მაისს, არა აღლუმზე, არამედ მათ საპროტესტო აქციაზე მივიდეს.