aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი საზოგადოება

ქრისტიანობა – იდეიდან იდეით ვაჭრობამდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე  მომწონს  თქვენი  ქრისტე,  მაგრამ  არ  მომწონს  ქრისტიანები,  ისინი  ქრისტეს  საერთოდ არ  ჰგვანან”  –  მაჰათმა  განდი

 ქრისტიანული ეკლესია. რა როლს თამაშობს  ის თანამედროვე  ქრისტიანის  ცხოვრებაში? ალბათ იგივეს, რა როლსაც ასწლეულების მანძილზე თამაშობდა – მმართველ როლს. მისი მმართველობა ხან ძლიერი იყო, ხანაც სუსტი, თუმცა ის ყოველთვის მმართველი იყო და ხშირად საერო მმართველობის ბოლომდე ჩამნაცვლებელი თუ არა, მისი თანასწორი და ასეთი ამბიციის მქონე.

მას შემდეგ რაც კონსტანტინე დიდის ბრძანებით  ქრისტიანობა ოფიციალურად გახდა რელიგია, ის გადაიქცა მმართველად! – და იქიდან მოყოლებული  არასდროს  ყოფილა მიმმართველი. ქრისტიანული ეკლესია ხალხების ნებას ყოველთვის და მხოლოდ მართავდა და არასოდეს მიმართავდა. არასოდეს მიმართავდა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დიოდნენ ისინი, ვინც დღევანდელი გადმოსახედიდან ქრისტიანობის, როგორც რელიგიური მიმართულების, სულისჩამდგმელებად მოიაზრებიან.

ქრისტიანულ ეკლესიას არაფერი აქვს საერთო იმ ადამიანებთან, მათ წინამძღვართან და მასწავლებელთან, რომელთა სახელებსაც დღეს ის ატარებს და რომელ ადამიანებთანაც თავის თავს აიგივებს. ეკლესიის სახე, მისგან განცალკევებული მისივე თვითიდენტიფიკაცია არ ემთხვევა სახეს, რომელსაც იმ ადამიანების მოძღვრება ატარებდა და თავის თავთან აიგივებდა. ქრისტეს დაახლოებით  იმდენი აქვს ქრისტიანულ ეკლესიასთან საერთო, რამდენიც ცოცხალ სახეს თაბაშირის გაშეშებულ ნიღაბთან და ეს ნიღაბიც რასაკვირველია ცვდება, ძველდება… რესტავრირებას ექვემდებარება, ფორმას იცვლის, გარე და შინაარსს, სახეცვლილებას განიცდის და საბოლოოდ  გვაქვს ის, რაც გვაქვს. გვაქვს მუხტ და ძალაგამოცლილი, სულგამოცლილი ინსტიტუტი, რომელიც გვიყვება და გვიხატავს იმას, რისი მოყოლისა და დახატვის მორალური კომპეტენციაც არასდროს ჰქონია!.. არასდროს ჰქონია, რამეთუ  განსხვავებით მისი სულისჩამდგმელისგან  ზემოდან გვმოძღვრავს, ზემოდან გვასწავლის და სინამდვილეში არც გვმოძღვრავს და არც გვასწავლის – ზემოდან გვმართავს სინამდვილეში!  საზეპირო-საზუთხავების დონეზე გვიყვება რაღაცას, რაც კარგად  თვითონაც არ  ესმის; ლოცვის სწორად და დროულად წარმოთქმას გვასწავლის…ლოცვის, რომელსაც ერთგვარი საბუტბუტო მანტრას არქაული ხმოვანება უფრო აქვს, ვიდრე გასაგები, სულშიჩამწვდომი ვედრების – ლოცვის არსის და მისი უპირველესი დანიშნულების!
ერთი სიტყვით ჩვეულებრივი რუტინა, რომელსაც სული, სიცოცხლე არ გააჩნია – გააჩნია მხოლოდ პლასტმასის უსულგულო რიტუალი, რომელსაც უმრავლესობა ჩვენგანი სომნამბულებივით ვასრულებთ და ამ მექანიკურ ოპერაციებს ღმერთთან მიახლების პროცესს ვუწოდებთ. თუმცა, რასაკვირველია ეს ყველას არ ეხება.  რელიგიური რიტუალისას  მძინარე მდგომარეობაში და ავტომატურ, ლამის სუნთქვისა და თვალის ხამხამის რეჟიმში  ყველა რა თქმა უნდა არ იმყოფება. უამრავია ისეთიც, ვინც დაანთებს რა სანთელს, მოიყრის რა მუხლს, გადაიწერს რა პირჯვარს, შეასრულებს რა რიტუალით გათვალისწინებულ ამა თუ იმ აქტს, თავის თავში მართლაც უშვებს იმ სიმშვიდესა და სინათლეს, იმ სამშვინველს,  რომელიც  ქრისტიანობის  (და ზოგადად რელიგიის)  არსში მდგომარეობს… აღივსება იმ წყნარი იდუმალებით, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე თავის თავს ნაწილობრივ ფარდას ხდის და რაღაც უსასრულოსა და ყოვლისმომცველს აზიარებს. სულ სხვა საქმეა, რომ რელიგიურობის ეს განცდა სულაც არ არის ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმის ან სხვა რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის დამსახურება – ეს  მხოლოდ  იმ  ადამიანის  შიდა კონსტიტუციის, მისი  ბუნებისა და ინდივიდუალიზმის დამსახურებაა, ვისი აღმქმელობაც ღიაა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც სამყაროს განაგებს, რომელიც თავად არის სამყარო და რომელიც,  ჩვენში დარჩეს და, არცერთ  რელიგიას არ ეკუთვნის.

დღეისათვის ქრისტიანული ეკლესია, მისი ყველა განშტოებით, ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული  “ფინანსურ-პოლიტიკური ორგანიზაციაა” მსოფლიოში და ბრჭყალებიც მხოლოდ ფორმალობას მიაგებს პატივს და სხვას არაფერს. სულელი თუ  მოყვება იმის მტკიცებას, რომ ეკლესია პოლიტიკური ძალა არ არის. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ხშირად ეკლესია ზუსტად თავისი “აპოლიტიკურობით” ცდილობს პოლიტიკას მოექცეს თავზე და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი პოლიტიკის გატარების საშუალება მიეცეს. ფორმალურად მას თითქოს პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებთან  არანაირი კავშირი არ აქვს და იმავდროულად ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას აფიქსირებს თავის იმ პოზიციას, რომელსაც გადაწყვეტილების ან გაუქმება, ან შეცვლა, ან გადასხვაფერება და ა.შ. ზემოქმედება შეუძლია. ანუ, საერო ხელისუფლება, თუ ხშირად თორმეტი მსაჯულის სახით წარმოგვიდგება, ეკლესია მოსამართლის როლს ითავსებს. მის ფინანსურ შესაძლებლობას რაც შეეხება, ფულადი ბრუნვა ქრისტიანულ ეკლესიაში იმდენად დიდია, რამდენადაც  საბანკო სექტორში და ამდენად ისინი ერთმანეთთანაც მჭიდრო კავშირში არიან. სხვადასხვა და ათასნაირი ფონდების უპირველესი დანიშნულებაც მხოლოდ და მხოლოდ იმ უზარმაზარი თანხების “სწორ” კალაპოტში ჩაგდებაა, რომელსაც ეკლესია უბრალოდ ვერ აუდის.

მართალია მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც ომსა და მშვიდობას, სიკვდილსა და სიცოცხლეს, პაპების, პატრიარქების და ა.შ. “ღმერთის მოადგილეების” ნება განაგებდა, მაგრამ მათი ძალაუფლება ხალხებზე კვლავაც ვრცელდება და კვლავაც უზარმაზარია.  სხვაობა, გასულ დღეებსა და აწმყოს შორის, ქრისტიანული იდეის მხოლოდ გარეგნულ მომსახურებაშია. წარსულში თუ ეკლესია იდეას ხმლით იცავდა და მის გამოსაკვებად საჭირო სახსრებსაც ხმლით მოიპოვებდა, დღეს იგი მას ბაზრის მექანიზმებით იცავს და არანაკლებ ეფექტურად, ვიდრე ხმლით… ყოველდღიურად ყიდის იდეას, რომლის მაგვარიც კაცობრიობის ხილულ ისტორიას არ ახსოვს და რომელიც, სამწუხაროდ დღემდე იდეად  რჩება – იდეად, რომელსაც ქრისტიანული ეკლესია საშუალებად უფრო აღიქვამს, ვიდრე მიზნად.

და ბოლოს… გასაგებია რომ რელიგიური ინსტიტუტი გარკვეულწილად აუცილებელია. აუცილებელია მათთვის, ვინც ზღვარს მიღმა უხილავს ეძებს. ხელმოსაკიდს კი მათ ამისთვის  კონკრეტული კულტურა და ტრადიცია სთავაზობს. ისინი აღარ საჭიროებენ გონებისა და ნების ზედმეტად დაძაბვას. შავით თეთრზე და წერილობით აქვთ მირთმეული ის “ინსტრუქცია”, რომელიც გზამკვლევად წარმოუდგენიათ… ოღონდ ის, რასაც ისინი ეძებენ,  სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური ნებითა და ძალისხმევით მიიღწევა,  არსად  არ წერია და ყველა ჩვენგანის შიგნით დევს.

იტვირთბა....