aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

Caché:  უბედურები და შედარებით ბედნიერები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქქქ

მიხაელ ჰანეკე იმ რეჟისორთა კასტას მიეკუთვნება, რომელთა ფილმებსაც ყოველთვის სულმოუთქმელად ელიან სხვადასხვა კინოფესტივალზე – სტუმრის სტატუსით თუ საკონკურსო პროგრამაში.

,,Cache” რეჟისორის ფილმოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც კინომანებისთვის ნამდვილ მაგნიტად იქცა. ისევე როგორც წინა ფილმებში, ამ ფილმშიც ჰანეკე ევროპული ოჯახის მოსაწყენ ცხოვრებას, რუტინას და ბურჟუაზიული ყოფის თავისებურებებს წარმოაჩენს.

ცნობილი ტელეწამყვანი ჟორჟ ლორენი, თავის ცოლ-შვილთან ერთად საკმაოდ რესპექტაბელურ სახლში ცხოვრობს, ატარებს ძვირადღირებულ მანქანას, სვამს ძვირადღირებულ ღვინოებს, მეგობრობს სტაჟიან ინტელექტუალებთან, იშვიათად ნახულობს მოხუც დედას, – მოკლედ, ჟორჟი სტერეოტიპული ევროპელი ბურჟუის ცხოვრებით ცხოვრობს.

თუმცა, რაღაც მომენტში ოჯახში სიმშვიდე ირღვევა. ჟორჟს უცნობი პიროვნება უცნაურ ვიდეოკასეტებს უგზავნის, რომლებზეც საათების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ მათი სახლი ჩანს. ვიღაც მათ აფრთხილებს, რომ სერიოზული დაკვირვების ქვეშ არიან. ვიდეოკასეტებს შემდეგ უკვე ასევე უცნაური, თითქოს ბავშის ხელით დახატული ბრუტალური ნახატებიც ემატება, რომლებსაც ჟორჟის მსგავსად მისი შვილი, პიეროც იღებს პირდაპირ სკოლაში.

ანას, ჟორჟის ცოლს, წარმოდგენა არ აქვს ვის და რატომ შეიძლება მოუნდეს მათი დატერორება. ჟორჟს ეს ნახატები ბავშვობის ტრამვას ახსენებს, რომლის დავიწყებასაც მან მრავალი წელი მოანდომა. განსაკუთრებული არაფერი, – უბრალოდ, ხომ ხდება ბავშვობაში, სჩადიხარ რაღაცას, რაც მაშინ სავსებით ჩვეულებრივად და ბუნებრივად მიგაჩნია, თუმცა, ეს პატარა დეტალი ვიღაცას სერიოზულად ვნებს და პრობლემებს უჩენს. ჟორჟსაც ჰქონია ასეთი მომენტი და ამ უცნაურ, ლამის მისტიურ გზავნილებს სწორედ იმ ადამიანს უკავშირებს, ვისაც წარსულში მისი ,,ბუნებრივი საქციელი” შეეხო. რატომ გადაწყვიტა ამდენი წლის მერე ამ ადამიანმა ჟორჟის ოჯახის დატერორება, უცნობია. ისევე როგორც მისი რეალური განზრახვები. არის თუ არა ლორენების ოჯახი მართლაც საფრთხის ქვეშ?

ჟორჟი პოლიციასაც მიმართავს, თუმცა ისინი, ბუნებრივია, არანაირ რეაგირებას არ მოახდენენ და განუცხადებენ, რომ, სანამ დანაშაულის რეალური სახე არ გამოიკვეთება, მათ ჩარევა არ შეუძლიათ. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ უაზრო ვიდეოჩანაწერები და ბავშვური ნახატებია. ლორენები ასე, ბუნებრივია, არ ფიქრობენ, საქმეს კი უკვე თვითონ ჟორჟი კიდებს ხელს და ცდილობს გაარკვიოს ვინ უგზავნის კასეტებს, არის თუ არა ეს ადამიანი მისი წარსულიდან გადმოსული და თუ ასეა, რის მიღწევას ცდილობს ამ ყველაფრით. ამის გარკვევა კი სინამდვილეში, არც ისე რთული აღმოჩნდება – უცნობი, კასეტების მეშვეობით, ჟორჟს მინიშნებას აძლევს, თუ სად შეიძლება მისი პოვნა.

,,Cache” თითქოს ნელი და გაწელილი ფსიქოლოგიური თრილერია, – სწორედ ასე ახასიათებენ მას ხშირ შემთხვევაში. თუმცა ეს არც თრილერია და არც დეტექტივი. აქ მთავარი ის კი არაა, რა ემუქრება ლორენების ოჯახს და როგორ აპირებენ ისინი ცხოვრების გაგრძელებას, არამედ ის, თუ რას გრძნობენ გმირები ასეთ სიტუაციაში, რას ფიქრობენ და როგორ რეაგირებენ მათი ცხოვრების სტილისთვის უჩვეულო მოვლენაზე.

მიხაელ ჰანეკე არამარტო უკუაგდებს და ივიწყებს სასპენსის ელემენტებს, არამედ პირიქით – მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის ყოფითობა და ავთენტურობა გადმოსცეს, ყოველგვარი იდეალიზების, ან გადამეტებული მხატვრულობის გარეშე. არანაირი გროტესკი, უტრირებული ემოციურობა, ან თეატრალურ-კინემატოგრაფიული ტრიუკები, – ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ცხოვრებაში. თითქოს მხატვრულ ფილმს კი არა, დოკუმენტურ სიუჟეტს უყურებ.

და რაც მთავარია, როგორც ყველა ყოფით ფილმში, აქ არ არის მართალი და დამნაშავე. გმირების ყველა ქმედება, კარგი თუ ცუდი, რაღაცით მოტივირებული და ადვილად ახსნადია. ჰანეკე არ ახდენს არაფრის მორალიზებას. ის მაყურებელს წნეხის ქვეშ არ ამყოფებს და ამა თუ იმ პერსონაჟის შეფასების ობიექტურ სივრცეს აძლევს.

არ არსებობს კარგი და ცუდი. არსებობენ უბედურები და შედარებით ბედნიერები. და მათი გზები ხანდახან იკვეთება.

ლაშა მილორავა

იტვირთბა....