„ჩემზე მოდის უსამართლო ტალახის ნიაღვარი, რომელსაც, ჩემი აზრით, არ ვიმსახურებ“, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ თავის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან დღის კურიერის ეთერში განმარტა, არ შეიძლება ადამიანი დაიჭირო ბავშვთა პორნოგრაფიის ყურების გამო, შესაბამისი მოკვლევის გარეშე.
“ჩემზე მოდის უსამართლო ტალახის ნიაღვარი, რომელსაც, ჩემი აზრით, არ ვიმსახურებ. მე ვიტყვი რა დავწერე და რა დამაბრალეს. მე გამოვიწვიე ეს ადამიანები დებატებში. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცილს მწამებენ, უარს აცხადებენ ფიზიკურად საუბარზე, ცივილურ საუბარზე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გაგვერჩია. გიჟი ვარ ამხელა ადამიანი, რომელიც ფეისბუქზე დაწერდა პოსტს, რომ პედოფილია კარგია და მხარს ვუჭერ, თუ რაღაცას მაბრალებენ?! სინამდვილეში, მე რაც დავწერე არანაირ კავშირში არაა პედოფილიის წახალისებასთან. წარმოიდგინეთ, ადამიანის დასჯა იმის გამო, რომ მან რამე ნახა, ან მოისმინა და სხვას მოუყვა ამის შესახებ. რა შეიძლება ბუნებაში იყოს ისეთი, რომლის ნახვითაც მე კრიმინალი გამოვდივარ, რომლის მოსმენით და მეგობრისთვის მოყოლისთვის კრიმინალი გამოვდივარ?! ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს.
ის შემთხვევა, რომელზეც მე დავწერე, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაა, როდესაც დააკავეს მამაკაცი პორნომასალის შენახვისა და გამოყენებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა პორნომასალას შეიცავდა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის დაჭერა იმის გამო, რომ მან რაღაც ნახა და შეინახა, და არა იმის გამო, რომ რაღაც დაამზადა – დაამზადა ბავშვთა პორნოგრაფია ან მონაწილეობდა ამაში, ან თუნდაც წაახალისა. როცა ამბობ, რომ ვიღაცა წაახალისე, უნდა არსებობდეს, რომ შენ მიერ გადახდილმა ფულმა ამ ბიზნესში რაღაცნაირად წვლილი შეიტანა. ვინმემ საერთოდ გამოიკვლია? იქნებ არ იყო ასე და სხვაგვარად იყო. ამის გამოკვლევის გარეშე ჩვენ საერთოდ დავივიწყეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ახლა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს ფეისბუქზე. იმის გამო, რომ ვთქვი, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა, თუ ის სხვაზე არ ძალადობს, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა მასტურბაციისთვის,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მანამდე იაგო ხვიჩიამ, სოციალურ ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა-შენახვა-ფლობა-სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო. მის ამ განცხადებას „გირჩის” თანადამფუძნებელი ნინო დარსაველიძე გამოეხმაურა და იაგო ხვიჩიას განცხადების გამო პარტიის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა მოითხოვა.
ამ საკითხზე კომენტირებისას იაგო ხვიჩიამ “მეტრონომთან” განაცხადა, რომ მას არ სურს ყოფილ თანაპარტიელს უპასუხოს, რადგან ეს მისი მხრიდან არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, აღნიშნა, რომ რეალურად, ეს კრიტიკა მის ბოლო განცხადებას არ უკავშირდება.