ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თვითონაც აღნიშნავდა, რომ დღეს უნდა წასულიყო სახლში” – რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმზე

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გიორგი კიკაბიძე კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

მისი თქმით, ექიმის მკურნალობის კურსი თითქმის დასრულებული იყო, თუმცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

“კლინიკას დააკლდა კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. 8 დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სავსებით სტაბილური იყო, თვითონაც აკონტროლებდა მდგომარეობას, მკურნალობის კურსი დამთავრებული ჰქონდა, თითქმის დამთავრებული, იმიტომ, რომ გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო სასიხარულო.

თვითონაც აღნიშნავდა, რომ დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ სამწუხაროდ, გამთენიისას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, არავინ არ ველოდებოდით, პალატაში მყოფმა მოასწრო დარეკვა კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანი რეანიმაციული გუნდი, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა, მიუხედავად ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა მისი გარადარჩენა”, – განაცხადა კიკაბიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში კორონავირუსით 62 წლის ექიმი, ისლამ საფაროვი გარდაიცვალა.

იტვირთბა....