ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდება, მათთვის, “მკურნალის” მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი რჩევებს აქვეყნებს.
აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“სვით ბევრი სითხე – ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები შემსუბუქდეს. სითხეების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი (კარგია მოცხარის, მოცვის, ჟოლოს, ცაცხვის ჩაი), ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი (ცივს ნუ დალევთ – შეათბეთ მიღების წინ), ცხელი კომპოტი. თუ რძეზე ალერგია ან აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სვათ ცხელი რძეც.
მუკოლიზური და ამოსახველებელი ჯგუფის რომელიმე პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ, თუ გაქვთ მშრალი, შეტევითი ხველა. მედიკოსთა გამოცდილებით, კოვიდ ინფექციით გამოწვეული ხველისას კარგად მუშაობს ბრომჰექსინის, აბროქსოლის ჰიდროქლორიდის, დექსტრომეტორფანის ან გუაფენეზინის შემცველი პრეპარატები.
ნუ დაწვებით გაუნძრევლად ზურგზე, თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, ეცადეთ უფრო ხშირად გვერდზე დაწვეთ. თუ ძალიან სუსტად არ ხართ, წამოდექით, იარეთ, ისუნთქეთ, რათა ფილტვებმა აქტიურად იმუშაოს.
სიცხის დამწევი პრეპარატები – პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომბინირებული საშუალებები მიიღეთ, თუ ტემპერატურა გაქვთ, შეგიძლიათ მიიღოთ გრიპის ჩაი, რომელშიც შედის ანტიალერგიული კომპონენტიც, ვიტამინიც პარაცეტამოლთან ერთად. რაც შეეხება იბუპროფენს, მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა მედიკოსებს შორის – დაიდო კვლევის შედეგი, რომ იბუპროფენის მიღებამ შეიძლება გააუარესოს კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობა, თუმცა სხვა კვლევით ეს შედეგი უარყვეს. ალბათ მაინც აჯობებს, რომ ამ ეტაპზე პარაცეტამოლი იყოს შერჩევის პრეპარატი.
პრობიოტიკები, სითხეები მიიღეთ, თუ ფაღარათი გაქვთ – სასურველია სპეციალური მარილოვანი ხსნარები.
საწუწნი აბები ან სპრეი გამოიყენეთ, თუ ყელი გტკივათ, რომელთაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ომეგა 3-ისა და D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზის შემცველი პრეპარატების მირება შეგიძლიათ – სამედიცინო კვლევებით დადასტურდა D ვიტამინის გარკვეული ეფექტიანობა ორგანიზმის იმუნური თვისებების ასამაღლებლად. თუმცა პრეპარატის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ თუ ამ ვიტამინის დეფიციტი ანალიზით არ გაქვთ დადასტურებული, უნდა სვათ მისი მხოლოდ პროფილაქტიკური დოზა და არა სამკურნალო, რომელშიც გაცილებით დიდი დოზით არის დ ვიტამინი.
თვითნებურად ნუ დაიწყებთ ანტიბიოტიკების მიღებას. ნურც ჰორმონს მიიღებთ თვითნებურად. როცა ეს პრეპარატები საჭირო არ არის, ისინი უფრო ართულებენ დაავადების მიმდინარეობას.
აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაავადების ნებისმიერ დღეს გამოგივლინდათ შემდეგი ნიშნები:
გიჭირთ სუნთქვა ან დაგეწყოთ ქოშინი
გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში
დაგერღვათ მეტყველება ან შეზღუდული გაქვთ მოძრაობის უნარი
ეს ნიშნები დაავადების გართულებაზე მეტყველებს. სხვა შემთხვევაში კი იმკურნალეთ გამოვლენილი სიმპტომების შესაბამისად ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციებით.” – აცხადებს თამარ მამაცაშვილი.