aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

ვის არ მიიღებენ და არ დაეხმარებიან “გირჩელები”?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი პოლიტიკური ცენტრის პირველი რეგიონალური ოფისი ქუთაისში

დღეს ქუთაისში „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა. ოფისი ცენტრის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ გახსნა. „მეტრონომი“ ზურაბ ჯაფარიძის თანაგუნდელს, გოგა ხაჩიძეს ესაუბრა:

“მეტრონომი”: სხვა ოფისების გახსნას თუ გეგმავთ? სად და როდის?

გოგა ხაჩიძე: ამ ეტაპისთვის თბილისის ოფისი უკვე გახსნილი გვაქვს, ქუთაისში კი დღეს გაიხსნა  – ეს პირველი რეგიონული ოფისია. უახლოეს მომავალში ოფისების გახსნას ვაპირებთ გორში, თელავში და სხვა რეგიონულ ცენტრებში, მერე რაიონებში და ა. შ.

მ.: თუ შემოგიერთდებათ კიდევ ვინმე თქვენი ძველი გუნდიდან, ან სხვა რომელიმე ცნობილი სახე?

გ. ხ.: რა თქმა უნდა, მათ გარდა, ვინც დავაანონსეთ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება – ეს მხოლოდ დასაწყისია.

მ.: ქუთაისის ოფისის გახსნაზე განაცხადეთ, რომ თქვენს საარჩევნო სიაში მოსახვედრად გასაგები და გამჭვირვალე კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება საჭირო. კერძოდ, რა კრიტერიუმები იგულისხმეთ?

გ. ხ.: კრიტერიუმები ყველასთვის აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგებია. პირველ რიგში, არსებობს ღირებულებათა გარკვეული სისტემა, რომელსაც ადამიანი უნდა იზიარებდეს – მიმართვაში ძალიან კონკრეტული ჩამონათვალია, თუ რა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ ყველა ადამიანს ვთავაზობთ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმას და ზოგადად ვთვლით, რომ მესამე ძალა ციდან კი არ ჩამოფრინდება და თავისით გაჩნდება, არამედ მესამე ძალა არის ხალხი – თვითონ საზოგადოება. სწორედ ამიტომ ვაპირებთ, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ღიად შედგეს საპარლამენტო სია. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ძალიან კონკრეტული ჩამონათვალია; იქნება გარკვეული პირობები, თუ რა უნდა შეასრულოს საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც იმ ღირებულებებს იზიარებს, რასაც ჩვენ და მისთვის სიაშიც კარი ყოველთვის ღია იქნება.

ზემოთ ხსენებული მიმართვა ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა და მასში ის ღირებულებებია ჩამოთვლილი, რომლებსაც ცენტრის მხარდამჭერი, თუ წევრი უნდა იზიარებდეს; ჩამოთვლილია ისიც, თუ ვის არ ეხმარებიან და არ იღებენ ახალ პოლიტიკურ ცენტრში:

„ვის არ ვიღებთ და არ ვეხმარებით:

ფაშისტებს

ჰომოფობებს

ქსენოფობებს

პროოკუპანტებს.

ჩვენთვის, მოქალაქეებთან ძირითადი და მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შევა“.– წერია მიმართვაში.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რა ფორმით, გოგა ხაჩიძემ გვიპასუხა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ:

„კოალიციაში თუ კოალიციის გარეშე, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ამ ეტაპზე არანაირი კოალიცია არ არის გეგმაში. როცა ვამბობთ, რომ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მაინცდამაინც იმას არ ვგულისხმობთ, რომ პირადად მე ან პალიკო კუბლაშვილი ვიყრით კენჭს, ან სიაში ვიქნებით – არა, ჩვენ უბრალოდ პარტიაში ვიქნებით და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ბუნებრივია, არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ზურა ჯაფარიძე და ჩვენს გარშემო შემოკრებილი ხალხი – ის ადამიანები, რომლებსაც ნელ-ნელა, თანდათანობით წარვუდგენთ საზოგადოებას“ – უთხრა „მეტრონომს“ გოგა ხაჩიძემ.

 

 

იტვირთბა....