გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის თანაკლასელმა და მისმა მეგობარმა არასრულწლოვანმა ე.ხ.-მ გამოძიებას ჩვენება მისცა. ანა გაბეჩავას წვეულების მოწმის ჩვენების მიხედვით, 18 ივნისის ღამეს მის მეგობარ ვანო თეგაძესთან ერთად აგარაკზე მას შემდეგ დარჩა, რაც ყველა სტუმარი წავიდა.
ე.ხ.-ს ჩვენების თანახმად, ავტომაგისტრალზე გიორგი ქათამაძის, კოკო ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის შემდეგ, “მერსედესის” ყველა მგზავრი აგარაკზე დაბრუნდა და წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს. ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მეგობრებთან ტერიტორიაზე მისთვის უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელიც მათზე უფროსი იყო და ის საპირფარეშოში ხელებს იბანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამაკაცი, სავარაუდოდ მორაგბე და რკინის ხელკეტიანი ნიკა ჟვანიაა.
ვანო თეგაძე ამბობს, რომ “მერსედესამდე” აგარაკზე “ტოიოტა ქამრის” 6 მგზავრი მივიდა და წვეულების სტუმრებს ეძებდნენ. კითხვებს სტუმრებთან დაკავშირებით დაზარალებული და ამავდროულად ბრალდებული, წვეულების დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი სვამდა. ამის შემდეგ კი ექვსეულმა ტერიტორია დატოვა და ავტომაგისტალზე გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა.
როსტომ კერესელიძის განცხადებით, მერაბიშვილსა და არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეებში შეეშალათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაძალადეველები ავტობანის ექვსეულს შეცდომით გაუსწორდნენ, შემდეგ კი აგარაკზე დანარჩენების ძებნა განაგრძეს. ამის შესახებ კერესელიძე “კურიერთან” საუბრობს.