ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შერჩეული მაქვს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე” – დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესია

დღეს 12:00 საათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი დაიწყება. 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს.

“არაერთი შუამდგომლობა გვაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზ.ხ-ს მიერ ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან” – აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური “კურიერთან” საუბრისას. 

კიდევ ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველი ზაქარია გვიშიანი აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს, რადგან ის არაა სათანადოდ დასაბუთებული:

“მაქვს შუამდგომლობა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის მკაცრი დაუსაბუთებელი, განსაკუთრებით არასრულწლოვნის მიმართ, როდესაც უნდა იყოს დასაბუთებული ის უკიდურესი აუცილებლობა, რაც შეეხება არასრულწლოვანს და მის პატიმრობას, ეს ვერ იქნა დასაბუთებული. სუფთა სამართლებრივად მაქვს მოლოდინი, რომ უნდა შეიცვალოს, რადგანაც არ არსებობს წინაპირობები მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის” – თქვა ზაქარია გვშიანმა.

აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნას აპირებს ადვოკატი როსტომ კერესელიძეც:

“მოვითხოვთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს პატიმრობა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახით, კერძოდ გირაოთი” – განუცხადა როსტომ კერესელიძემ “კურიერს.”

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს.  საქმეზე 17 პირია დაკავებული.

იტვირთბა....