ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბევრ კადრში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ირაკლი წაქაძე სხვათა განრიდებას”: აგარაკის ინციდენტის გამო დაკავებული წაქაძის ოჯახი “TV პირველს” სიცრუეში ადანაშაულებს

“TV პირველს” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე დაკავებული ირაკლი წაქაძის ოჯახი აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ ცრუ ინფორმაცია გააჟღერა, თითქოს ირაკლი წაქაძე “19 წლის ფეხბურთელის მიმართ ძალადობას” ნაწილობრივ აღიარებს. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, წაქაძე შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება გაიოზ ჩარკვიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

ოჯახის განცხადებით, ირაკლი წაქაძემ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისდა უნებურად ჩართული აღმოჩნდა ჩხუბში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები იყო „ძირითადად, განრიდების მიმართულებით“.

“უპირველეს ყოვლისა, გვინდა, კიდევ ერთხელ დიდი გულისტკივილი გამოვთქვათ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ გიორგის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. ირაკლი და გიორგი მოედანზე ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ, თუმცა მოედნის მიღმა მეგობრობდნენ. ხვდებით, რა ტკივილია ირაკლისთვის გიორგის ამ ქვეყნიდან გასვლა, მათ ხომ ის ავბედითი დღეც ერთად გაატარეს. გვჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანს საქმეს და იმედი გვაქვს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებისა. ამ პროცესში ცოტა უცნაური და გასაკვირია ზოგიერთი ჟურნალისტის, თუ ტელეკომპანიის ცალკეული განცხადებები, რომლებიც არ ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, ლახავს ამა თუ იმ პირის სახელსა და ღირსებას, რომელთა უკანაც ოჯახი, მეგობრები, სანათესაო და სამეზობოლო დგას” – აცხადებს ადვოკატი, რითაც რეალურად ახმოვანებს წაქაძის ოჯახის დამოკიდებულებას.

“ვაფასებთ მედიის როლს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოვლენებისა და ფაქტების ოპერატიული მიწოდების საკითხებში. პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავტოვებთ უპასუხოდ  აღნიშნულ ფაქტს და გამოვთქვამთ პროტესტს სამაუწყებლო კომპანია „TV პირველში“ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, ჩვენი შვილი, ირაკლი წაქაძე „გიორგი შაქარაშვილის მიმართ ძალადობას ნაწილობრივ აღიარებს ყველას გასაგონად გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ირაკლი წაქაძე თავის კოლეგა ფეხბურთელთან, გიორგი შაქარაშვილთან არანაირ ფიზიკურ შეხებაში არ ყოფილა. გიორგის გაუჩინარების მომენტში ირაკლი წაქაძე საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე და ეს ძალიან კარგად იციან საგამოძიებო უწყებებმა. ირაკლი წაქაძემ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისდა უნებურად, არანაირად თავისი ინიციატივით, ჩართული აღმოჩნდა ჩხუბში მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები იყო, ძირითადად, განრიდების მიმართულებით. ძალიან ბევრ კადრში, რომელიც საკმაოდ არსებობს საგამოძიებო საქმეში, ჩანს, თუ როგორ ცდილობს ირაკლი სხვათა განრიდებას – აი ესაა სიმართლე“ – აღნიშნულია წაქაძის ოჯახის განცხადებაში.

იტვირთბა....