aviabiletebi
საზოგადოება

მის ევრაზიიდან კარიერული განვითარების ექსპერტამდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არ გამომივიდოდა, არ ვარ ლამაზი, ჩემზე ბევრად ჭკვიანებიც არსებობენ და რომ არ მქონდა უფლება მეცხოვრა საკუთარი ოცნების ცხოვრებით. ვუჯერებდი მათ. ბევრი პატარა გოგოს ოცნებაა ლამაზი კაბები, ფეხსაცმელი, გვირგვინები, სამკაულები… არ ვიცი რამდენჯერ ცრემლებით ამვსებია თვალები, როცა სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი და ჩემში ნაკლს ვეძებდი, რადგან საკუთარი თავი ლამაზი არასდროს მეგონა, ვიჯერებდი იმას, რასაც სხვები მეუბნებოდნენ და ვერ ვბედავდი საკუთარი ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმასაც კი. ერთადერთი, რაც ხელჩასაჭიდი მქონდა, განათლება იყო. ცოდნას თითქოს ვებღაუჭებოდი და ვგრძნობდი, ეს გადამარჩენდა.

ფსიქოლოგია ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. 17 წლის ასაკიდანვე ვთარგმნიდი ფსიქოლოგიურ სტატიებს და ასაკით ჩემზე ორჯერ, სამჯერ უფროსი ქალბატონებისთვის ტრენინგებს ვამზადებდი, ისინი დიასახლისები ლტოლვილები და მრავალშვილიანი დედები იყვნენ. მე ვხედავდი როგორ უბრუნდებოდათ სიცოცხლის ხალისი ამ ტრენინგების შემდეგ. ერთ დღეს მათთან შეხვედრისას მოვისმინე კითხვა: რა არის შენი ოცნება? გავბედე და საიდუმლოდ გავანდე – სილამაზის კონკურსში გამარჯვება. მათ პასუხად ჩემივე ფრაზა შემომიბრუნეს „თუ ვცდი, მაქვს ორი ვარიანტი – გამომივა ან არ გამომივა, თუ არ ვცდი, ვარიანტი მხოლოდ ერთი მაქვს – არ გამომივა“.

სასწაული ხდება მაშინ, როცა მისკენ ნაბიჯს მაინც გადავდგამთ. 2017 წელს გავემგზავრე მსოფლიო სილამაზის კონკურსზე. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ გამოცდილებას მაინც მივიღებდი, შემთხვევით ერთ ნომინაციას მაინც მოვიპოვებდი და ა.შ. კონკურსის პირველივე დღეს საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, ეს რა ავიტეხე, ოღონდ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი და  მეტჯერ აღარ ვიზამ-მეთქი. მერე ცოტათი მომეწონა კიდეც. აღმოვაჩინე, რომ იყო „მის“ არ ნიშნავს უბრალოდ სილამაზის კონკურსში გამარჯვებას, იყო „მის“ ცხოვრების სტილია. „მის“ არ ეწევა, არ თვრება, არ ბილწსიტყვაობს, „მის“ – კეთილი, თავაზიანი, მომღიმარი, მზრუნველი და სანიმუშოა. „მის“ განათლებულია და ზრუნავს სხვა ადამიანების განვითარებაზე, ეხმარება მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. მაშინ კონკურსი მალევე გასცდა ერთი პატარა გოგოს ოცნებას და ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარდგენა იყო. ახლაც თავბრუ მეხვევა, როცა თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ დიდ სცენას და სიტყვას „GEORGIA”, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი „მის ევრაზიის“ ტიტული ალბათ არ გვექნებოდა. მე ამ კუთხითაც ვასახელე ჩემი სამშობლო, ყველას დავანახე, რომ ქართველები ულამაზესი და ძალიან ღირსეული, განათლებული ერი ვართ.

ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ შიშებზე, ნეგატიურ აზროვნებასა და იმის არდაჯერებაზე, რომ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. ეს იყო ადამიანების დასახმარებლად ჩემი მამოძრავებელი ძალა. ჩემი ინსტრუმენტი სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად და საუკეთესო ჯილდო საკუთარი თავის მიღებისთვის, იმისთვის, რომ გავბედე და მივეცი საკუთარ თავს გამარჯვების უფლება.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. დღემდე ძალიან მიხარია ეს გამარჯვება, მაგრამ იგი ახლოსაც ვერ მოვა იმ შეგრძნებასთან, რასაც განვიცდი, როცა ჩემს ქვეყანაში ათასობით ადამიანს ვეხმარები პროფესიის არჩევა/შეცვლაში, პერსონალური ბრენდის გააქტიურებასა და წარმატებული, ოცნების კარიერის შენებაში.

და ფოტოსესიებიდან წლების შემდეგ ახალციხის ციხის ისტორიულ დარბაზში ახალგაზრდებთან ტრენინგი თემაზე „პროფესიის სწორად შერჩევა, კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმა“ ჩემთვის იყო უდიდესი ჯილდო, რომელიც საკუთარი თავის მიღების, ჩემში არსებული პოტინციალის აღმოჩენის შედეგად მოვიპოვე.

ცხოვრება შეიძლება იყოს საინტერესო, ცხოვრება უნდა იყოს საოცარი, ყველაფერი შენს ხელშია. გაბედე წარმატება! მიეცი საკუთარ თავს უფლება იმ ცხოვრებით იცხოვრო, რომელზეც ოცნებობდი. გადადგი ნაბიჯი, გზა და შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება.

დღეს მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. ეს დაახლოებით იმას გავს, თავადაც რომ მზად იყოთ ამ საქმის კეთებისთვის ფული გადაიხადოთ, მაგრამ რატომღაც აქეთ გიხდიდნენ. მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ჩემთან ურთიერთქმედების შედეგად როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, ხდებიან უფრო მეტად თავდაჯერებულები, ისახავენ და აღწევენ მიზნებს. ყველაფერი შესაძლებელია, როცა მოქმედებ და არ მოძრაობ. ჩემი ამოცანაა ადამიანთან ერთად შევქმნა სამოქმედო გეგმა, რომელიც მას კურსიდან გადახვევის შესაძლებლობას არ მისცემს და ასჯერ გაზრდის პიროვნების თვითეფექტურობას.

 

მერი ტარიელაშვილი

ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების ექსპერტი

 

იტვირთბა....