ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Facebook Pages-ზე მომწონებელთა რაოდენობა და Like ღილაკი სავარაუდოდ გაუქმდება

“ფეისბუქ” გვერდისთვის ახალი დიზაინი იტესტება, რომლის მიხედვთაც, “ფეისბუქ” გვერდებზე Like ღილაკი და მომწონებელთა რაოდენობა ქრება. ეს ფუნქცია საჯარო ფიგურების გვერდებზე, “ფეისბუქის” მობილურ აპლიკაციაში მანამდეც გამოცადეს, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ინგლისურენოვანი ბიზნესგვერდების მცირე ნაწილს ეხება მხოლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Techcrunch ავრცელებს.

ახალი დიზაინი მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის ძირითადი და საჭირო ინფორმაცია უფრო აღქმადი გახადოს. აქ მეტი ყურადღება ექცევა გვერდის აღწერასა და პოსტებს. ახალ დიზაინში გამქრალია მოწონების ღილაკი და მომწონებელთა რაოდენობა. ამის ნაცვლად, აქ გამომწერთა რაოდენობა და გამოწერის ღილაკია.

ეს მონაცემი უფრო რეალურად ასახავს გვერდის მომხმარებელთა რაოდენობას. წლების განმავლობაში, უამრავმა ადამიანმა უამრავი გვერდი მოიწონა, თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, იცვლება მათი საქმიანობის სფეროები, ინტერესები თუ საჭიროებები. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, გვერდი მოწონებული გვქონდეს, მაგრამ ბევრი ჩვენგანი მის გამოწერას აუქმებს.

გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როცა მეგობარი გვერდის მოსაწონებლად გვიწვევს, ჩვენ მისი ხათრით ვიწონებთ გვერდს, თუმცა ვაუქმებთ გამოწერას, რადგან გვერდი ჩვენს ინტერესს აცდენილია. გამომწერთა რაოდენობაზე ყურადღების გამახვილება ბრენდებს საშუალებას აძლევს სწორად განსაზღვრონ, რეკლამის გარეშე, რამდენი ადამიანის სიახლეების ზოლში მოხვდება მათი პოსტი.

განახლებული დიზაინის დახმარებით, გვერდების ადმინებს სქროლვის პროცესშიც შეეძლებათ საკუთარი ანგარიშიდან გვერდზე გადართვა და კომენტარებისთვის გვერდის სახელის პასუხის გაცემა. ხოლო გვერდის მენეჯმენტის კუთხით, ადმინისტრატორებს შეეძლებათ როლების გადანაწილება. მაგალითად, პოსტის რედაქტირებაზე წვდომის მართვა, იმის განსაზღვრა, თუ ვის შეუძლია გვერდზე კონტენტის შექმნა, პირადი შეტყობინებების გაგზავნა, რეკლამის დაგეგმვა და გაშვება, კომენტარებზე პასუხის გაცემა და ა.შ. რაც ნიშნავს, რომ ერთგვარად, სოციალური მედიის მენეჯერის როლები ნაწილდება.

იტვირთბა....