ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპონენტები მაინც შეეცდებიან, რომ კვლავ დესტრუქციული გზით წაიყვანონ პროცესები” – ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის,  გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მაღალი საერთაშორისო სტანდარტისა, საპარლამენტო ოპოზიცია  მაინც შეეცდება, რომ პროცესები დესტრუქციული გზით წაიყვანოს.

“არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს, რომელსაც არ მიესადაგება საარჩევნო კოდექსი, რომელიც დღეს მივიღეთ.საოცრება მოხდა და რაღაც გამოგონილი მიზეზით, საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომლებმაც თქვეს, რომ საარჩევნო უბანი და კოორდინატორი 500 მეტრის რადიუსით უნდა იყოს მოცილებული. გუშინ ჩვენმა ოპონენტმა, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 25 მეტრი საკმარისი არ არის იმისთვის, რათა თვალებით გავლენის საფრთხე მოიხსნას. ეს უსუსური პოზიცია, არჩართულობის გასამართლებლად მაფიქრებინებს, რომ მიუხედავად ამ სტანდარტისა, რომელიც ახალ საარჩევნო კოდექსს გააჩნია, ჩვენი ოპონენტები მაინც შეეცდებიან, რომ კვლავ დესტრუქციული გზით წაიყვანონ პროცესები,”- განაცადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნული საარჩევნო კოდექსის პირობებში  საპარლამენტო არჩევნებზე აღარ დარჩება არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც საზოგადოებასა და პარტიებზეა დამოკიდებული.

“კონტროლის სისტემა იქნება უმაღლეს დონეზე, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა დამკვირვებლების მხრიდან. ეს არის რეალობა და სამართლიანი განაწილება საეთერო დროის, რეკლამის. დროა, პარტიები უკვე საარჩევნო პროგრამების წარმოდგენაზე გადავიდნენ. ამ თემებზე საუბარი უნდა იყოს ახლა მთავარი”, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით (94 ხმით) მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პროექტს მხარი კონკრეტული დათქმებით დაუჭირეს, რომელიც მესამე მოსმენისთვის უნდა აისახოს.

იტვირთბა....