aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი პოლიტიკა

“ქალაქში, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს”- კახა კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი გეგმის მიზანი სამშენებლო სექტორის სწრაფი განვითარება და შესაბამისად, დასაქმების  ხელშეწყობაა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თბილისის მასშტაბით არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებს და კვლავ მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა კუთვნილი საცხოვრებელი ფართები მიიღონ.

„პრემიერმა ვრცლად ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული სექტორის ხელშეწყობა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეტაპობრივად დავიწყეთ მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები. არ უნდა გავუთამამდეთ არსებულ მდგომარეობას, რადგან საფრთხე მაინც არსებობს. ჩვენ პრემიერის ხელმძღვანელობით,  სხვადასხვა დარგს დახმარების გეგმა უკვე წარვუდგინეთ. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის გეგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დეველოპერულ მიმართულებას ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ეს არის დარგი, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს ასაქმებს, დასაქმება კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა.

„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პროგრამას დაუმთავრებელი შენობების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიმუშავეთ წესები, რომლის მიხედვითაც, გამარტივდება პროცედურები. ქალაქში, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მოქალაქეებს თანხა აქვთ გადახდილი და წლების განმავლობაში, ბინების მიღებას ელოდებიან. ამის მაგალითი იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებსაც მაქსიმალურად დავეხმარეთ. აქ უკვე მშენებლობა მიმდინარეობს და ძალიან მალე ეს მოქალაქეები კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ. ასევე, გვყავს „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები. ჩვენ ყველას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ჩვენი მიზანია, ეს ოჯახები საკუთარი საცხოვრებელი ფართების გარეშე არ დავტოვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორს ქვეყნის განვითარების საკითხში მნიშვნელობანი როლი აკისრია.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს  წელს შეიქმნა დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, დაინტერესებულ პირთა განცხადებებს/წინადადებებს შეისწავლის.

დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

 

იტვირთბა....