საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
განცხადებაში ნათქვამია რომ, კომიტეტი მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს.
ოგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სეოკ-ი გმობს ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოუწოდებს ყველა მხარს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.
“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში.
სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.