საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტარს სააკაშვილის პერიოდი ახსოვს და აქედან გამომდინარე აკეთებს განცხადებას.
მისი თქმით, კუბილიუსის განცხადება ევროკავშირის სახელით არ არის გაკეთებული, მაგრამ ევროპარლამენტის ავტორიტეტს გარკვეულ ჩრდილს აყენებს.
„გაცილებით უფრო რთულია სიტუაცია. ახლა კუბილიუსის განცხადება მნიშვნელოვანწილად ეხმიანება სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ თვითონ არჩევნები არ არის ამათთვის მისაღები ფორმატი, ვინაიდან დესტრუქცია არის სტრატეგიული გეგმა. ამ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კუბილიუსის განცხადება. მით უმეტეს ევროკავშირის სახელით არ არის ეს განცხადება გაკეთებული, მაგრამ ევროპარლამენტის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს.
არ ვიცი, ლიტვაში თუ არის ეს დასაშვები, ან რომელიმე სახელმწიფო თუ იცის ასეთი, სადაც სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურა ერევა მართლმსაჯულებაში და გადაწყვეტილებებს იღებს, ვინ დაიჭირონ და ვინ გაათავისუფლონ. ეს მის მოკავშირე სააკაშვილს ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ ეს პრაქტიკა აღარ არსებობს. ასე რომ, კუბილიუსს ის პერიოდი ახსოვს და აქედან გამომდინარე აკეთებს განცხადებას“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარის ღია წერილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.