საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ისეთი რამ, რაც დღეს კორონავირუსმა გამოიწვია, რადგან ხალხი სისტემას არ ენდობა.
„არის მომენტი, როცა მთელ მსოფლიოს ემუქრება გარკვეული საფრთხე და ეს ის მომენტია, თუმცა არაერთი ეგეთი გადაუტანია, მაგრამ ამ პერიოდში თუ უზნეო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ, ამას ვეღარ გადაიტანს ის ავტორიტეტი, თუ კიდევ რამ შეგრჩენია რამდენიმე ადამიანში. კაცმა გაასწრო თავის დაცვას და მიატოვა ხალხი, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ მაშინ, როცა ოკუპაციის პროცესი მიმდინარეობდა. ზუსტად იცოდა, რომ ოკუპაცია მოხდებოდა და ბოლომდე გვარწმუნებდა, რომ არაფერი საშიშროება საქართველოს არ ემუქრება. რომელ ნდობაზე ლაპარაკობს, ის ხალხი ენდობა, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ის ადამიანები, ვინც უყურებდნენ, როგორ გარბოდა და დაცვას როგორ გადაასწრო სირბილში. რა ნდობაზე საუბრობს საერთოდ, ეს ერთი და მეორე – გარკვეულ პერიოდში, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაფრთხა და შეშინდა, ხომ არ შეიძლება მას უკიჟინო, რომ არის გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე რეალობაშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.