aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზებს კულისებში ველაპარაკოთ, რა გვიშლის ხელს?” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების საჭიროების შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ მინისტრის, ე.წ. პარლამენტის გავლენიანი წევრის სერგეი შამბას განცხადებას, “მეტრონომთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.

ხუხაშვილის აზრით, საჯარო დიალოგისთვის ვითარება მომწიფებული არ არის, თუმცა კულისური დიალოგის გამართვა შესაძლებელია.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა – “აფხაზეთთან ლაპარაკს რა აზრი აქვს, კრემლთან უნდა ვილაპარაკოთ”.

“მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რასაც ეს ხელისუფლება და მისი ყველა წინამორბედი ატარებდა, რომ აფხაზებს საერთოდ არ განიხილავდა მხარედ და ხშირ შემთხვევაში, შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ და ვამბობთ, რომ მათთან ლაპარაკს რა აზრი აქვს, ჩვენ კრემლთან უნდა ვილაპარაკოთ, რაც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკა.

მე დიალოგს ავაწყობდი, მაგრამ უფრო კულისურს და არა საჯაროს იმიტომ, რომ საჯარო დიალოგი, მე ვფიქრობ, არ არის მომწიფებული არანაირად.

ის, რომ ჩვენ აფხაზეთს უნდა ველაპარაკოთ პირველ რიგში, ეს ცხადია. საჯაროდ ამის გაკეთებას აქვს თავისი პრობლემები, მათ შორის, სამართლებრივი გამომდინარე იქიდან, რომ არაღიარების რეჟიმში გყავს ისინი და როგორც მხარეს მოლაპარაკებისას სამართლებრივად ვერ აღიარებ. შესაბამისად, ამ ეტაპზე საჯარო მოლაპარაკებები გარკვეულწილად მათ აძლევს ლეგიტიმაციას ანუ ეს ირიბად მათ მხარედ აღიარებას ნიშნავს, თუმცა რა გვიშლის ხელს, რომ ჩვენ კულისებში ველაპარაკოთ და საერთო მომავალზე ვიმსჯელოთ? თუნდაც, დავიწყოთ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხებით. ამას ხელს არაფერი არ უშლის.

პირველ რიგში რაც გასაკეთებელი გვაქვს, ნდობა უნდა აღდგეს. ნდობა აღდგება რის ბაზაზე? ურთიერთმონანიებისა და ურთიერთპატივისცემის ბაზაზე და არა იმ ბაზაზე, რომ მე აფხაზეთთან არ ვილაპარაკებ და უნდა წავიდე და კარასინს უნდა ველაპარაკო აფხაზეთზე ჟენევაში.

ეს არის დესტრუქციული სქემა, შესაბამისად ეს ყველაფერი არის შესაცვლელი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამომდინარე სამართლებრივი პრობლემებიდან, ხიდების შენება უნდა დაიწყოს ფაქიზად და ზედმეტი ხმაურის გარეშე. კომუნიკაციის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. ჩვენ ჯერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა აღვადგინოთ ნდობა, უნდა დავიწყოთ თანამშრომლობა არა პოლიტიკურ ასპექტებში, უნდა დავიწყოთ სახალხო დიპლომატიით, კულტურული ურთიერთობების აღდგენით, ეკონომიკური ინტეგრაციული სისტემების ფორმირებით და ა.შ. რაღაც ეტაპზე შეიძლება, რომ ჩვენ ეს სამართლებრივ ჩარჩოებში შევფუთოთ. მთავარია, რომ სწორი გზით ვიაროთ – შეურაცხყოფა არ მივაყენოთ აფხაზებს და მუდმივად არ ვეძახოთ, რომ კრემლის მარიონეტები არიან, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ამ დღეებში რაც მოვისმინე. ეს, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არაფრისმომცემი და უპერსპექტივო”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, სერგეი შამბამ თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“საჭიროა დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დალაგდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ამის მომხრე ვარ იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს ასეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა”, – განაცხადა სერგეი შამბამ.

შეკითხვაზე, როგორ ხედავს დაილოგის პერსპექტივას, მან უპასუხა:

“უნდა დავსხდეთ და და დავიწყოთ საუბარი სხვადასხვა ფორმით”.

მისი თქმით, დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის პირისპირ უნდა წარიმართოს.

“ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ შამბა თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე რამდენიმე წლის წინაც საუბრობდა.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....